„არემჯის“ მხარდაჭერით, თეატრმა „აზდაკის ბაღი“ დაბა კაზრეთში სპექტაკლი გამართა

დაბა კაზრეთის კულტურის სახლში, კაზრეთის ახალგაზრდული ჯგუფის ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ინტეგრირებულმა თეატრმა ,,აზდაკის ბაღი“ სპექტაკლი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, თეატრის დასმა მაყურებლისათვის საახალწლო განწყობა კიდევ ერთხელ შექმნა და სპექტაკლი ,,საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“ წარმოადგინა.

მათივე ინფორმაციით, „აზდაკის ბაღის“ დასისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სპექტაკლის კაზრეთში გამართვა, რადგან მათი მსახიობი ვანიკო ხმალაძე კაზრეთის მკვიდრია.

,,აზდაკის ბაღი“ 2016 წელს დაარსდა და იგი 16 ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აერთიანებს. დასმა დღემდე საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა განვლო. დღეს ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს და სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქებში მართავს.

„მოხარული ვარ, რომ თეატრის საშუალებით ეს ახალგაზრდები ეზიარებიან ხელოვნებას და ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ამ ბავშვებმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და თითოეული ჩვენგანის დახმარებით მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ თავი. ჩვენი კომპანია 2019 წელსაც გააგრძელებს რეგიონში, განსაკუთრებით კი კაზრეთში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებებში თავად კაზრეთელი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურად ჩართულნი“, - განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.