სერგო მეთოფიშვილი - ყოველთვის მოიძებნება ბესელიასნაირი და ფოფხაძისნაირი არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები და ხელში ჩაიგდებენ სასამართლოს

ყოველთვის მოიძებნება ბესელიასნაირი და ფოფხაძისნაირი არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები და ჩაიგდებენ ხელში სასამართლოს, - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილის განცხადებაში, რომელიც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

სერგო მეთოფიშვილი მმართველ გუნდს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

„კიდევ კარგი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც რეალურად ზრუნავს ქვეყნის და სასამართლო სისტემის განვითარებაზე და არა უკანონო გავლენების მოპოვებაზე, ინარჩუნებს საღ პოზიციას!

მინდა მივმართო მათ! მინდა მივმართო, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებას და აღმასრულებელ ხელისუფლებას! მინდა მივმართო საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!

ქალბატონებო და ბატონებო!

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი დავწერე და ვილაპარაკე სასამართლო სისტემის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებილ მოვლენებთან დაკავშირებით, უფრო სწორად, რომ ვთქვათ - სასამართლო სისტემის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიასთან დაკავშირებით, ამიტომ მოკლე თეზისებში ჩამოვაყალიბებ ჩემს პოზიციას:

1) წინა ხელისუფლებამ თითქმის 100%-ით შეცვალა სასამართლო სისტემაში მომუშავე მოსამართლეები. მოიყვანა ახალგაზრდა, არაკორუმპირებული, კვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კადრები (ამით მე არ ვამბობ, რომ მანამდე სასამართლოში ყველა ცუდი მუშაობდა და კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი და არ ვეთანხმები ასეთ წმენდას, მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ);

2) წინა ხელისუფლების ლოზუნგმა დამნაშავეთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით გამკაცრებულმა კანონებმა მოგვიტანეს ის შედეგი, რომელიც მივიღეთ.

3) 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან.

4) 2012-13 წლებში სხვადასხვა ძალებმა (თავს შევიკავებ დაკონკრეტებისაგან, ვინაიდან ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს, მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც დღეს სასამართლოს „გაჯანსაღებაზე“ საუბრობს) სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდების მიზნით, განახორციელეს პირველი შეტევა დამოუკიდებელ, არაკორუმპირებულ, კომპეტენტურ და კეთილსინდისიერ სასამართლოზე. მაგალითად გედევან ფოფხაძე დღესაც ღიად აცხადებს, რომ მას და მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს იმ პერიოდშიც ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვით იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე უნდა დაწესებულიყო პოლიტიკური კონტროლი.

საპასუხოდ მოსამართლეები დადგნენ ერთ მუშტად! დავიწყეთ აქტიურად ჩვენი თავის დაცვა. გარედან სასამართლო სისტემას მხოლოდ უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები იცავდნენ. რაც მთავარია და გადამწყვეტი იყო - ქვეყნის სათავეში მოსული მმართველი პოლიტიკური ძალის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო სისტემის (მისი ხელში ჩაგდების მიზნით) დანგრევაზე უარი თქვა და დაიწყო ზრუნვა ქვეყნის და სასამართლო სისტემის განვითარებაზე.

5) პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან გათავისუფლებულმა არაკორუმპირებულმა, კომპეტენტურმა და მიუკერძოებელმა მართლმსაჯულების სისტემამ, მიუხედავად ობიექტური პრობლემებისა (სულ ცოტა 100 მოსამართლის ნაკლებობა, საქმეთა გადატვირთულობა, სხდომათა დარბაზების ნაკლებობა და ა.შ.) 2013-18 წლებში საოცარი შედეგი დადო, რაზედაც ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც კი არ კამათობენ და რასაც ყველაზე აქტიურად და ობიექტურად უცხოელი პარტნიორები აფიქსირებენ და აღიარებენ.

6) პარალელურად, 2013-2018 წლებში „შეძახილმა ხე გაახმოს“ პრინციპით სხვადასხვა ძალების (ყველამ იცის, ვინ არიან ეს ძალები, ამიტომ დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ) მხრიდან სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, მუდმივად მიმდინარეობდა სასამართლო სისტემის, მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ლანძღვა. მიზანი - სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, შემდეგ მასზე გავლენების მოპოვება და ხელში ჩაგდება!

7) ბოლო დღეებში, ამ ძალებმა, წინა პერიოდთან შედარებით, განახორციელეს უფრო ფართომასშტაბიანი შეტევა სასამართლოზე! შედეგის მისაღწევად იყენებენ ყველა დასაშვებ, დაუშვებელ და ბინძურ ხერხს და მეთოდს. არ ერიდებიან შეურაცხყოფას, ლანძღვას, მუქარას, დაშინებას.

ნახეთ, ვინ არიან მათ რიგებში:

- ყოფილი მოსამართლეები; (თუ ასრულებდნენ დავალებებს - ერთი კონკრეტული საქმე მაინც დაასახელონ! თუ ვერ ასახელებენ, ე.ი. ცრუობენ!)

- პროკურატურის ორივე ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსნები, მაგალითად მაია მწარიაშვილი; (თუ აძლევდნენ მოსამართლეებს დავალებებს, ერთი კონკრეტული საქმე მაინც დაასახელონ, თუ ვერ ასახელებენ, ე.ი. ცრუობენ!)

- ხელისუფლების ამჟამინდელი ოპოზიცია, რომელიც ამავდროულად ყოფილი პოზიციაა;

- პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციები;

- მმართველი პოლიტიკური ძალის ნაწილი, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის რამდენიმე დღის წინ გადამდგარი თავმჯდომარე და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი შედის;

- ყოფილი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია;

- ადვოკატთა ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელობა;

- ყველა ვეღარ მახსენდება;

საღად მოაზროვნე ხალხნო! მეგობრებო! ქალბატონებო და ბატონებო! კიდევ ერთხელ გადახედეთ ზემოთ ჩამოთვლილ პირთა სიას, დაიდეთ გულზე ხელი და თქვით სიმართლე - გჯერათ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი?

გთხოვთ, დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა ვისი და რომელი ადამიანებით აპირებენ სასამართლოს დაკომპლექტებას?

პასუხი მგონი ყველასთვის გასაგები და მარტივია - მათდამი ლოიალური და მორჩილი ადამიანებით! რასაც, მაგალითად, პრეზიდენტი მარგველაშვილი აკეთებდა კიდეც. მაგალითად, მან უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძე წარადგინა (ნეტა რომელი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა?) მგონი, ამასთან დაკავშირებით ყველა დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში დანიშვნები პოლიტიკურად მოტივირებული იყო! და თუ ამ ფუნქციას საბჭოს წავართმევთ ან შევუზღუდავთ, ისევ პოლიტიკური გახდება! ეგ ყველას ესმის, ამიტომაც გვებრძვიან!

ამაზე საუბრობს ვენეციის კომისიაც - სასამართლო, მათ შორის უზენაესი სასამართლო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დააკომპლექტოს, ყველა სხვა შემთხვევაში დანიშვნები იქნება პოლიტიკურად მოტივირებული! ყველა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკაც ასეა - მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ადიან კარიერული კიბით და პირდაპირ იქ მოხვედრა გარედან, თუ ქვედა ინსტანციაში არა ხარ მინიმუმ 5-10 წელი მოსამართლედ ნამუშევარი, პრაქტიკულად გამორიცხულია!

მე და ჩემი კოლეგები ვამტკიცებთ, რომ დღეს სასამართლო სისტემა და ინდივიდუალური მოსამართლე ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც თავის ისტორიაში არასოდეს ყოფილა!

ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა! ნუ ხართ პასიურები! სასამართლო არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსებისათვის ძალიან „ტკბილი ლუკმაა“!

თუ ვერ დავიცავთ, ყოველთვის მოიძებნება ბესელიასნაირი, ფოფხაძისნაირი და ა.შ. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები და ჩაიგდებენ ხელში სასამართლოს! ყველამ ერთად ეს არ უნდა დავუშვათ! ეს იქნება ჩვენი და საზოგადოების მხრიდან გამოუსწორებელი შეცდომა და დანაშაული!“ - ნათქვამია მეთოფიშვილის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო