ანა დოლიძის სარჩელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული სარჩელით ანა დოლიძე მოსამართლეთა გასაუბრების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ მისი აცილების საკითხის ბათილად ცნობას ითხოვდა.

გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დოლიძის იურისტის ორი შუამდგომლობა, რომელთაგან ერთი ეხებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ორი მოსამართლის: გიორგი ტყავაძის და მარიამ ცისკაძის აცილებას. მეორე კი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებს გასაუბრებიდან დოლიძის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. აღნიშნული ნორმა "საია"-ს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. დღევანდელ პროცესზე კი აპელანტი სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებას ითხოვდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ანა დოლიძის ინტერესების დამცველმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა ნიკა ჯახუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასაბუთებული განჩინების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და შესაძლებლად მიიჩნია ის პოზიცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აცილებული იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიდან მის მიერ, საჯაროდ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო, არა რომელიმე კინკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს ფაქტობრივად, საბჭოს წევრს უზღუდავს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას", - განაცხადა ჯახუამ.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელით მოსამართლეების მიერ გასაუბრების დროს მისი აცილების საკითხზე მიმართა. საუბარია 2018 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან ჩატარებულ გასაუბრებაზე, სადაც 51 კანდიდატიდან 14-მა ანა დოლიძე გასაუბრების პროცესიდან აიცილა. ამის მიზეზად მათ ანა დოლიძის ის საჯარო განცხადება დაასახელეს, რომლის თანახმად, „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო