სალომე ზურაბიშვილი ნარკომანიაზე - არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე

არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე სახელმწიფოს პროაქტიური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება შეწყალების კომისიას, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა უნდა დააკომპლექტოს, ზურაბიშვილის თქმით, დასაფიქრებელია ექნება თუ არა ამ კომისიას ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური პოზიცია, როგორც მისი წინამორბედის შემთხევვაში იყო.

„არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე. ეს არის სენი ჩემი გაგებით, საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და პიროვნულად იმ ადამიანებისთვის ასევე ძალიან მძიმე. იმის თქმა, რომ ციხის სასჯელი არ არის პასუხი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტული და პოლიტიკა არ გვქონდეს ამის მიმართ. მგონი, სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური, პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს- რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთხილება, საინფორმაციო კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ა.შ. რაც შეეხება შეწყალებას, ვიტყოდი, რომ ძალიან ადრეა. ჯერ არსებული კომისია არის დღეს გაუქმებული, რადგან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემოვიდა. მინდა ახლებური ხედვა იყოს. რაც დავინტერესდი, ვატყობ, რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაადრევად ვერ გიპასუხებთ და არ მინდა გიპასუხოთ ამ საკითხზე, მინდა ბოლომდე გავერკვიო. შემოსულია ძალიან ბევრი თხოვნა, რაც ძველი ადმინისტრაციიდან დარჩა და ასევე, ჩემი არჩევის შემდეგ რაც შემოვიდა. უნდა განვიხილოთ ეს, უნდა ვნახოთ, როგორ დავაკომპლექტოთ შეწყალების კომისია, ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. მე გთხოვთ ცოტა დროს, რომ ჩამოვყალიბდე ამ საკითხზე. პოზიცია, რაც ჩემი წინამორბენდის იყო ამ საკითხზე, იყო ძალიან მარტივი. მე არ მგონია, რომ ეს მარტივი პასუხები იყოს, რასაც საზოგადოება ჩვენგან, ჩემგან პირადად ელოდება. მინდა უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს და გთხოვთ ამისთვის ცოტა დროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციის საკითხს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, თუ კანონპროექტი განსახილველად დაბრუნდება. „თუ-ებზე, მითქმა-მოთქმაზე და ეჭვებზე კომენტარს არ ვაკეთებ. როცა იქნება ეს საკითხი დასმული და მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი დასმულია, მაშინ გიპასუხებთ. მეცოდინება, რომ დაბრუნებულია კანონი, როგორია მისი შინაარსი და ა.შ. ძალიან ბევრ რამეზე ერთად მიმდინარეობდა მსჯელობა, ერთი იყო გამკაცრება, რომელსაც ვეთანხმები, იმ წესების შემოტანას, რომელიც თან უნდა ახლდეს დეკრიმინალიზაციას. მეორე ნაწილი ეხებოდა კულტივაციას. ეს კი მოითხოვს ვიცოდეთ როგორია შინაარსი, რა კონტროლის მექანიზმია, ვის მიერ და ა.შ. ჰაერზე საუბარი არასერიოზული იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: როგორია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ნარკომანიაზე?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა