ეკა გიგაური - მმართველმა პარტიამ, ვიდრე ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას

მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის დღევანდელ შეხვედრას.

მისივე განცხადებით, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი.

„ვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვა, რომ სიის გაწვევა შეუძლებელიაო და კრიტერიუმებს გავწერთო. ამ კრიტერიუმებით განვიხილავთ არსებულ სიას და ვიმსჯელებთ წარმოდგენილ კანდიდატებზეო. ეს ყველაფერი კი საერთოდ არ გამორიცხავს ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანების არც უვადოდ დანიშვნის და არც მათი ჩაგდების შესაძლებლობას. ანუ ყველაფერი კვლავაც ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.

ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა: 1. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარლამენტი ჩინჩალაძე/ მურუსიძის ულტიმატუმს დათანხმდა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გვმოძღვრავდნენ, რომ სიას არ გაიწვევდნენ და ეს არის გამორიცხული? 2. თუ არ დათანხმდა ულტიმატუმებს და გონია, რომ კანონში არაა გაწერილი სიის გაწვევის პროცედურები, რატომ არ უნდა ფორმალურად უყაროს კენჭი ამ სიას და ჩააგდოს ყველა კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია საბჭოს მიერ? რატომ იხილავს საერთოდ ამ სიას? მან ხომ იცის, რომ სიაში ჩინჩალაძის კლანის წევრებია წარმოდგენილი? 3. კობახიძეს მართლა ჰგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ კრიტერიუმები იყო და არა იმ მოსამართლეების არ დანიშვნა, რომლებიც სიაშია წარმოდგენილი? 4. თუკი ასე ფორმალურად უდგება, ამ ახალ კრიტერიუმებს წარმოდგენილი მოსამართლეები მარტივად დააკმაყოფილებენ? ანუ თუ ჩინჩალაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, ის უნდა დაინიშნოს ? ამას ამბობენ?

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა! მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას! ესაა მთავარი. აპირებს თუ არა სასამართლოს სისტემაში ჩინჩალაძე/მურუსიძის კლანის მოშლას და არის თუ არა მზად სასამართლოში ჩარევაზე უარი თქვას. ანუ გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება შეცვალოს სასამართლოს სისტემა!

გამოსავალი ერთია - კლანი უნდა წავიდეს, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს მიეცეთ დამოუკიდებლობის შანსი და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში მიმდინარე პროცესებში“, - წერს გიგაური.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო