ნაზი ჯანეზაშვილი - ამ ეტაპისთვის არის შუალედური გამარჯვება, მაგრამ  არ უნდა მოვტყუვდეთ, რათა არ მივიღოთ ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე

კარგია, ეს გამარჯვება არის შუალედური, მხოლოდ ამ ეტაპისთვის, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ რათა არ მივიღოთ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე - მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებიდან პირადად მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა სია რა ფორმითაც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, იმ ფორმით აღარ გავა. მისი თქმით, ასეთივე შთაბეჭდილება დარჩა პირველ ვიცე-სპიკერ, თამარ ჩუგოშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდანაც. ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შესარჩევად პარლამენტს რამდენიმე პრინციპს სთავაზობს.

„ამ ეტაპისთვის მიმაჩნია, რომ ეს არის შუალედური გამარჯვება, რომელიც ჩვენ, ორმა ადამიანმა დავიწყეთ აქ, ამ შენობაში და რომელშიც უკვე ფართო საზოგადოება ჩაერთო. ცხადია, ამ ეტაპზე, ეს ათკაციანი სია ამ ფორმით აღარ გადის კენჭისყრაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფში, რომელიც დიდი ხანია შექმნილია. მასში მონაწილეობს პარლამენტის სხვადასხვა წარმომადგენელი, სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წარსულში სამუშაო ჯგუფს მაინცდამაინც არ ჰქონდა წარმატებული შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ჩემი და ანა დოლიძის პოზიცია არ იყო მოსმენილი და გაზიარებული. იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს და სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია პარლამენტმა და სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინოს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და კლანის ის წევრები, რომლებიც სიაში არიან წარმოდგენილები. არ მინდა, დადგეს ისეთი შედეგი, რომ დახვეწილი ფორმით, ფორმალური პროცედურით ისევ ის ხალხი მოხვდეს სიაში და პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა ისევ იმ ხალხზე იმსჯელოს, რომელთა წინაშეც უამრავი კითხვა და პრეტენზიაა საზოგადოებაში და ნდობა დაბალია მათ მიმართ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა, როდესაც იგი შეიმუშავებს ორგანული კანონის ცვლილებებს:

1. უპირობოდ მნიშვნელოვანი და საბაზისო სტანდარტია ის, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი. კონკურსის გარეშე შერჩეული კანდიდატურები და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, ბუნებრივია, სანდო ვერასდროს იქნება.

2. აუცილებელია და საჭიროა, რომ შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს. აუცილებლად უნდა შეიქმნას იმ კანდიდატების გადარჩევის ფილტრი, რომლებიც საბჭოს მიმართავენ და ამის მოდელს უახლოეს მომავალში მე და ანა დოლიძე ერთად შევთავაზებთ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტები.

„მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე დიმიტრი გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, წარმოადგენენ ორგანოს, რიმელიც კანდიდატების ნომინირებას ახდენს. აქ არის ინტერესთა კონფლიქტი. მდივანი თავის თავს არ უნდა ასახელებდეს კანდიდატად და შემდეგ უკვე მესამე პირში არ უნდა საუბრობდეს იმ კვალიფიკაციაზე, ღირსებებებზე და უპირატესობებზე, რომელიც თავად გააჩნია. ჩემი აზრით, ის არ შეეფერება ამ თანამდებობას, რადგან მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში. მან აკადრა საზოგადოებას, აკადრა ამ ქვეყანას, პარლამენტს და ჩვენ ყველას, რომ ფურცლის ნაგლეჯიდან ამოიკითხა კანდიდატების გვარები და წარადგინა პარლამენტში. ამიტომ, მე ამ ადამიანის მიმართ ნდობა არ მაქვს. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება ფართო საზოგადოება“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

იხილეთ ვიდეო: ჯანეზაშვილი: "ამ ეტაპისთვის არის შუალედური გამარჯვება, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ, რათა არ მივიღოთ ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა