ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების 10-კაციანი სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი დაიშალოს

მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ხელში აქვს და ივანიშვილთან შეთანხმებით საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს. ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როცა ივანიშვილმა მოსამართლეები, ვინც წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ, უკანონო ბრძანებების შემსრულებლებად კი არა, რეჟიმის მსხვერპლებად გამოაცხადა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სარგებლობს მფარველობით პირადად ბიძინა ივანიშვილისგან და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტისგან.

„ისინი ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმებით იღებენ საზოგადოების ინტერესებისა და წუხილების გაუთვალისწინებლად და საზიანოდ, რაც მთავარია, თავად მართლმსაჯულების საზიანოდ. მათ აქვთ მიზანი, შეასრულონ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთები და ამით მოახდინონ საკუთარი თავის ლეგიტიმაცია და შემდეგ იზრუნონ საკუთარი თავის სამუდამოდ დასამკვიდრებლად სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან. ეს პროცესები დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა ლევან მურუსიძის თანდასწრებით, რომ ის მოსამართლეები, მათ შორის პირადად მურუსიძე, რომლებიც წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ და მისი მთლიანად კონტროლის ქვეშ იყვნენ, სინამდვილეში დანაშაულებრივი და უკანონო ბრძანებების შემსრულებლები კი არა, იმ წინა რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ადამიანები როგორც წინა, ასევე ახალი რეჟიმის სამსახურში სრულიად მარტივად ჩადგნენ. ეს ხალხი მთლიანად დაეპატრონა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოებში პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და სააპელაციო ინსტანციას. შეხედეთ იმას, რომ ისინი გამუდმებით დევნიან სასამართლოდან მათ, ვინც მათი კლანის წევრები არ არიან და ნიშნავენ უვადოდ მოსამართლის თანამდებობებზე თავისი კლანის წევრებს. ახლა მათი ამოცანაა, თავისი თავი და თავიანთი ხალხი გაიყვანონ უზენაეს სასამართლოშიც, რითაც მთელი ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ „ჩაიხურება“, - განაცხადა ბარამიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თქმით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების 10-კაციანი სია მთლიანად უნდა „ჩააგდოს“ და უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დემონტაჟი.

„პარლამენტმა უნდა „ჩააგდოს“ მოსამართლეთა სიის თითოეული კანდიდატურა, რადგან ისინი იყვნენ წარმოდგენილნი თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე. ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დემონტაჟი, რასაც გარკვეული პროცედურები დასჭირდება, მაგალითად, პარლამენტმა პირველ რიგში, უნდა გაიწვიოს სამი წევრი, ქადაგიძე, ძგირიშვილი და ხარებავა, რომლებიც ალიანსში იმყოფებიან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან. ამის გაკეთება შესაძლებელია პარლამენტის რეგლამენტითა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესით. მათი გაწვევის საფუძველი იქნება ის, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კარგი იქნება, თუ მოსამართლეთა კორპუსი იმავეს გააკეთებს - მთლიანად ეს კორპუსი არ შედგება კლანის წევრებისგან, იქ ძალიან ბევრი წესიერი მოსამართლეა, მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის თავში კლანია. მათი 1/5 თუ შეგროვდება, შეუძლიათ მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევა და საკითხის დაყენება იმ მოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ, რომლებიც იუსტიციის საბჭოში ასე მიდიან საზოგადოებისა და მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ. ამას გარდა, უნდა გაიწეროს პროცედურა და მოთხოვნები, როგორ უნდა შეირჩნენ კანდიდატურები პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოში მოქმედი კანონითაც ვერ განაწესებ მოსამართლეს, თუ მას პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, უნდა გაიწეროს, თუ როგორ მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში არამოსამართლე იურისტები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შიეძლება იყოს ის, ვინც მოსამართლე მანამდე არ ყოფილა, ანუ საზოგადოების წარმომადგენელი. ამ 10-კაციან სიაში ასეთი არც ერთი არ არის, ყველა სასამართლოს წიაღიდანაა. ამ ხალხს უბრალოდ არ უნდა, საზოგადოების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. ხოლო პროცესი უნდა იყოს ღია, საკონკურსო და ბევრი სხვა პირობები შეიძლება იყოს გათვალისწინებული", - აღნიშნა ბარამიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს