ნიკა ჩიტაძე - როგორც საქართველოს ეკლესია, ასევე საერო ხელისუფლება ფრთხილობს, რომ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა

საქართველოს ეკლესიამ უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ხელისუფლება ამას უნდა მიესალმოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია პესიმისტური სცენარის განვითარება და საქართველოს ეკლესიის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ „უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით რუსეთისგან აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მოხდება და არ გვინდა დამატებითი პრობლემები“.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც ეკლესია, ასევე საერო ხელისუფლება ფრთხილობს, რომ აღიაროს უკრაინის ეკლესიის აღიარება, რაც ჩემი აზრით დიდი შეცდომაა. საერო ხელისუფლება ცდილობს ეკლესიაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა და პირიქით. ჩვენ გვახსოვს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს არის ეკლესიის კომპეტენცია თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიესალმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. მგონია, რომ საქართველოს როგორც საერო ასევე საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯია, როდესაც ისინი არ აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას“, - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ საქართველოს სიფრთხილის მიზეზი არის რუსეთის ფაქტორი.

„საქართველოს ეკლესია ცდილობს თავი აარიდოს პრობლემას, რომ თითქოსდა რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც მას აღიარებული არ აქვს. ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის აღიარება შედეგს ვერ მოიტანს რუსეთის სახელმწიფოსთვის, რადგან აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს. გარდა ამისა, საქართველოს ეკლესია არ ექვემდებარება რუსეთის ეკლესიას. მგონია, რომ საქართველოს ეკლესიამ უნდა მიბაძოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებას და მსოფლიო საეკლესიო საბჭოს გადაწყვეტილებას. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ეკლესია, ასევე ხელისუფლება ფრთხილობს. რეალურად უნდა მოხდეს ავტოკეფალიის აღიარება და საქართველოს ხელისუფლება უნდა მიესალმოს ამას. ეს არის როგორც რელიგიური ასევე პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება. ეს საკითხი უნდა იყოს დღის წესრიგში და არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი იმართლოს - უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით რუსეთისგან აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მოხდება და არ გვინდა დამატებითი პრობლემები. ეს პესიმისტური სცენარი ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა ჩიტაძემ.

გარდა ამისა, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ქართულმა და უკრაინულმა ეკლესიამ გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის შესახებ უნდა იმსჯელოს.

„ასევე ვისურვებდი, რომ როგორც ქართულმა, ასევე უკრაინულმა ეკლესიამ იმსჯელოს და ორივე ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდეს. შესაბამისად, როგორც საბერძნეთში, შობა 25 დეკემბერს აღინიშნოს და არა 7 იანვარს. საქართველოსა და უკრაინაში ჯერჯერობით იულიანური კალენდარი მოქმედებს და შობას ჩვენ რუსეთთან ერთად 7 იანვარს აღვნიშნავთ“, - განაცხადა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას - ხელისუფლებასთან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის