დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა გუნდში სამსჯელო თემაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რა შემადგენლობით განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის საკითხთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი, მათ შორის იქნება თუ არა ეკა ბესელია აღნიშნულ ჯგუფში, ეს გუნდში სამსჯელო თემაა. ასე უპასუხა მათიკაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, იქნება თუ არა აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

„მე შემიძლია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს დავეყრდნო. ეს არის სამსჯელო თემა. პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს. ამ ჯგუფის შემადგენლობა არის სამსჯელო თემა და გადასაწყვეტი ვინ იქნება და ვინ არა. გუნდის და პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია რა ფორმატში და რა მექანიზმებით იქნება მსჯელობა ამ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, როგორია მისი შეფასება ეკა ბესელიას ამ ჯგუფში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათიკაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით დღის წესრიგი უკვე დაანონსებულია.

„როგორც პროცედურა, ისე კრიტერიუმები გაიწერება ორ ფორმატში - ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და მეორეა - საპარლამენტო ფორმატი. ამ ორ ფორმატში გვექნება მსჯელობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურასა და კრიტერიუმებზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხის, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იგივე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს არ აქვს უფლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში მისი მონაწილეობის საკითხი სამსჯელო გახადოს. როგორც ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას ვერავინ აუკრძალავს მონაწილეობას ამ ან სხვა სამუშაო ფორმატში, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება. მისივე თქმით, ერთი ფორმატი უკვე შექმნილია მისი ინიაციტივით, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს და რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ ფორმატის გაძღოლა მისი თქმით, გასულ წელს ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა