ნაზი ჯანეზაშვილი - თუ ვინმეს უნდა, რომ სიაში არ მოხვდნენ ისევ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და სხვები, მაშინ ჩვენ საკანონმდებლო წინადადებას მხარს დაუჭერენ

ჩვენი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არის ძალიან საბაზისო, ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს კანონმდებელმა, თუკი უნდა, რომ შეიცვალოს რაიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის წევრებს ბიძინა გეგიძეს და ზაზა პაპუაშვილს მან და ანა დოლიძემ გააცნეს ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს.ჯანეზაშვილის თქმით, თუ ვინმეს უნდა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და ამ სფეროში ცვლილება, მაშინ მხარი უნდა დაუჭირონ პარლამენტისადმი წარდგენილ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც შექმნილია პარლამენტთან და რომელმაც მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2017 წელს, აერთიანებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. მე არ ვიცი, რა ფორმატში გაგრძელდება მუშაობა, კონკრეტულად ვინ იქნებიან წარმოდგენილები, თუმცა აქამდე ეს სამივე შტო იყო წარმოდგენილი და პროცესი არ იყო ფორმალიზებული. რაიმე დოკუმენტით არ არის შექმნილი ეს სამუშაო ჯგუფი და ძირითადად მაინც ესწრებოდნენ ხოლმე იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები. უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია, რამდენად ჩართავს სხვადასხვა დეპუტატებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს პროცესი და იდეების გაცვლის შესაძლებლობა იყოს ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ჩვენი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არის ძალიან საბაზისო, ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს კანონმდებელმა, თუკი უნდა, რომ შეიცვალოს რაიმე. თუ ვინმეს უნდა ცვლილებები, ამ საბაზისო საკითხებს მხარს დაუჭერს. თუ ვინმეს უნდა, რომ სიაში არ მოხვდნენ ისევ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და სხვები, მაშინ საკანონმდებლო წინადადებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს შევხვდეთ", - განახადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპს ითვალისწინებს. არამოსამართლე წევრების მიერ შეთავაზებული წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება,რომლის მიხედვითაც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის მოსამართლეები უნდა შეირჩეს. ესენია: საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება; ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; გასაუბრების ღიად ჩატარება; გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო