ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, რომ კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს - პროცესი ისედაც დაძაბულია

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ჯგუფი ჩემს მიერ არის შექმნილი - მე საავტორო უფლების დაპატენტება არ მჭირდება, მაგრამ ყველას ვურჩევ, ნუ გადაწყვეტს, რომ ვინმეს აქვს მანდატი, რომელიმე სამუშაო ფორმატში მუშაობა ამიკრძალოს ან შემიზღუდოს, - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მიწვევა არ სჭირდება და ყველა იმ ფორმატში აპირებს მუშაობას, რომელიც მართლმსაჯულების საკითხზე იმუშავებს.

“არავის თანხმობა არ მჭირდება, რომელ ჯგუფში გადავწყვეტ, რომ უნდა ვიყო ჩართული. ყველა ჯგუფში ვიქნები, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. ამაზე არავის დასტური არ მჭირდება. ეს ჯგუფი 2017 წელს ჩემს მიერ შეიქმნა. კარგია, რომ ის ბატონ კობახიძეს მოსწონს. კარგია, რომ მუშაობა ამ ფორმატშიც გაგრძელდება. ჩვენ სხვა ფორმატსაც შევქმნით, რომელშიც ჩვენი კოლეგები უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილი, რადგან საბოლოოდ ცვლილებები უნდა მიიღოს არა სამუშაო ჯგუფმა, არამედ პარლამენტმა. ამიტომ მე მას ვურჩევ, რომ ასეთი კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს - პროცესი ისედაც დაძაბულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, მას კოლეგებთან ერთად დაწყებული აქვს მუშაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე. ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსი შედგება და აქვე დასძინა, რომ თუკი კონსენსუსი ვერ შედგება, მას ალტერნატიული ვერსია ექნება მზად.

“იმედი მაქვს, რომ ვივლით კონსტრუქციული გზით, რომლის მიზანი იქნება არა რომელიმე ვიწრო ჯგუფის ინტერესების დაცვა, არამედ ქართული მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამ წუთებში ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებული კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით დღის წესრიგი უკვე დაანონსებულია.

„როგორც პროცედურა, ისე კრიტერიუმები გაიწერება ორ ფორმატში - ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და მეორეა - საპარლამენტო ფორმატი. ამ ორ ფორმატში გვექნება მსჯელობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურასა და კრიტერიუმებზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხის, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იგივე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელია - კობახიძე ვერ გადაწყვეტს, შემიზღუდოს ან ამიკრძალოს რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო