საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება

მიმდინარე წლიდან საქართველოს რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლაში მოვლა-პატრონობის სისტემის პილოტირება განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის საპილოტე ფაზის სამოქმედო გეგმა, სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგია, სისტემა და პროცედურები დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გააცნეს.

„სკოლებში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი გარემო სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ ინიცირება გაუკეთა სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავების პროექტს საჯარო სკოლებისთვის. პროექტს ფონდი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მასთან არსებულ სსიპებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული და მოქნილი სისტემა სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, დროული რეაგირება მოახდინოს და ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს უსაფრთხო და მიმზიდველი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხრიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარია.

საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის საინიციატივო ფონდის სახსრებით შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

ჩატარდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შედეგების შეტანა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში (eSchool); შემუშავდა საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის მართვისათვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა „მნე“;

მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის ფიზიკური მდგომარეობის შეფასება. აღნიშნული ანგარიშები დაეხმარება საქართველოს მთავრობას სკოლების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ბიუჯეტის დაგეგმვასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი (გადაუდებელი) და გრძელვადიანი გეგმის შედგენაში;

შემუშავდა საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის ჩარჩო გეგმა და ნორმატივები. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის დანერგვას და მოიცავს სკოლების ოპერირების თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ ნორმატივებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს