უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია კოლეგებთან გედევან ფოფხაძესთან და დავით ჭიჭინაძესთან ერთად, „ადვოკათა ასოციაციის“ წევრებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი პროფესიონალური გაერთიანებაა, სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმეში არის მოკავშირე და მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში მათი თანამონაწილეობა.
ბესელიას აზრით, ადვოკათა ასოციაციას უნდა მიეცეს საადვოკატო წრეებიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პოზიციაზე კანდიდატების ნომინირების შესაძლებლობა. დეპუტატის თქმით, უნდა შეიქმნას წინაპირობები იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლის პოზიციაზე ადვოკატთა წრეებიდანაც აირჩეს კანდიდატები.
„ადვოკატთა ასოციაცია არის თანამოაზრე ყველა იმ საკითხში, რაც დამოუკიდებლი და ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნისთვის გვჭირდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე ისე, რომ ადვოკატთა წრეების წარმომადგენლებმაც შეძლონ კონკურსში მონაწილეობა და კანდიდატების დასახელება“ , - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი ადვოკათა ასოციაციის მისამართით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ადვოკატთა ასოციაციას შეურაცხყოფა მიაყენა.