რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე დაკითხეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი თედორაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც ირაკლი თედორაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მკვლელობის დღეს და დაახლოებით იმ დროს, როდესაც სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლეს, მან ოფისის უკანა კარიდან გამოსული გიორგი ჭანტურია დაინახა, რომელიც იარაღს ქურთუკის ჯიბეში იდებდა.

ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოწმე თედორაძემ საკუთარი ჩვენება მეორედ დაკითხვის შემდეგ შეცვალა, მანამდე ის აცხადებდა, რომ არაფერი გაუგია და არ დაუნახავს. ,,დღეს დაიკითხა მოწმე, რომელიც არის რეალურად ამ საქმის ,,ჩადებული მოწმე“. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენება მისცა მკვლელობიდან მეორე დღეს და დააფიქსირა, რომ არაფერი უნახავს, არაფერი გაუგია. შემდეგ ამ მოწმემ რადიკალურად შეცვალა აღნიშნული ჩვენება 7 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც ჭანტურია დააკავეს. დღეს უკვე სასამართლო პროცესზე მთელ რიგ საკითხებში წინააღმდეგობაში მოვიდა მის მიერ შეცვლილ ჩვენებასთანაც, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ამ ადამიანის სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, სამივე ჩვენებაში ეს ადამიანი იტყუება, არც ერთ ჩვენებაში სიმართლეს არ ამბობს. მას რომ დაენახა ჭანტურია ოფისის უკანა კარიდან გასული, უნდა ახსოვდეს ოფისის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები და განლაგება და ასე შემდეგ, ამ გარემოებებზე ამბობს, რომ საერთოდ არაფერი ახსოვს. ანუ ის, რაც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია და აწყობს ბრალდებას და პოლიციას, ამ საკითხებს იხსენებს, რაც მისი ჩვენების ობიექტურობის გადასამოწმებლად არის მნიშვნელოვანი ამბობს, რომ არ ახსოვს. წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად, რომ ეს წინააღმდეგობები აიხსნას, ამბობს, რომ მე ასე მახსოვს და მიიღეთ, ეს როგორც ფაქტი“, - განაცხადა ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით კი, მოწმე ირაკლი თედორაძემ პროცესზე საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაინახა გიორგი ჭანტურია მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილიდან იარაღით ხელში გამოსული.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრალდება, რაც წაყენებული აქვს ჭანტურიას. კიდევ ერთხელ დაიკითხა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომელმაც სასამართლოზე საკმაოდ დამაჯერებლად განაცხადა. თუ როგორ დაინახა მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილიდან გამოსული გიორგი ჭანტურია იარაღით ხელში, როგორ ჩაჯდა ის ავტომანქანაში და გაემგზავრა. შესაბამისად, დასტურდება ის ბრალდება, რაც წარედგინა გიორგი ჭანტურიას, კერძოდ ის, რომ მან ჩაიდინა სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

დაზარალებული მხარის, კერძოდ, სამსონ ქუთათელაძის ოჯახის უფლებების დამცველი ლევან ზაქარაძე აცხადებს, რომ ოჯახი დეტალებში იცნობს საქმის გამოძიების მასალებს და მისხალითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ მკვლელობა სწორედ ჭანტურიამ ჩაიდინა.

,,სწორედ ადვოკატი აყრის საზოგადოებას ნაცარს თვალში და არა ის მოწმე, რომელმაც დეტალური ჩვენება მისცა სასამართლოს. ადვოკატი ყველანაირად ცდილობს საზოგადოება, და თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და ამით რამე ზემოქმედება მოახდინოს სასამართლოზე. ჩვენ დეტალურად გაცნობილი ვართ ამ საქმეს, არანაირი ჩადებული მოწმე არ არსებობს და საქმე გამოძიებულია დეტალურად, დაზარალებული გაცნობილია ყველა მტკიცებულებას და იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარება, რომ აღნიშნული დანაშაული გიორგი ჭანტურიას მიერ არ არის ჩადენილი“, - განაცხადა სამსონ ქუთათელაძის ოჯახის ადვოკატმა ლევან ზაქარაძემ.

იხილეთ ვიდეო: გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმე დაკითხეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა