დავით უსუფაშვილი - პარლამენტში ვიღაც სხვამ ეკა ბესელიას სუპერძალაუფლება ვერ აიტანა

პარლამენტში ვიღაც სხვამ ეკა ბესელიას სუპერძალაუფლება ვერ აიტანა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„მე ვლაპარაკობ ადამიანის როლზე, რომელიც ვიღაცას ამ როლში მოსწონდა და ახლა აღარ მოსწონს. თუ რამე გაკეთდა სასამართლოს სფეროში, ამაში ბესელიას ლომის წილი უდევს და თუ რამე გაფუჭდა - ასევე, იმიტომ, რომ ის საყრდენი და ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო. მოხდა მარტივი რამ - გავლენის სფეროების გადანაწილება. ეკა ბესელიას ეს სუპერძალაუფლება ვერ აიტანა ვიღაც სხვამ ახალ პარლამენტში. ძველ პარლამენტში მას მაინც და მაინც კონკურენტები არ ჰყავდა. როგორც ჩანს, პარლამენტში ეს სურვილი ვიღაცას გაუჩნდა. კარგად მახსოვს, ძველ პარლამენტში მართლმსაჯულების საკითხებზე კანონპროექტები იურიდიული კომიტეტიდან როგორ გადასულა სხვა კომიტეტებში, მათ შორის ბესელიას კომიტეტში, იმიტომ, რომ ხმალაძე არ იყო საიმედო სხვებისთვის. სად იყო გაზაფხულზე და ზაფხულში ეს 10-კაციანი სია? როდესაც კომიტეტიდან მის გადაყვანაზე იყო საუბარი, მაშინ ხომ ჯერ არ ყოფილა აქტუალური მოსამართლეების სია?“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, თუ საუბარია ივანიშვილის მცდელობაზე, რომ ცუდ შედეგებში დამნაშავე ადამიანები გაწიოს გვერდზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაშია საქმე უშიშროების სამსახურში - რა გაეპარა ამ ხალხს და სად დაუშვეს შეცდომა.

„ახლა რაც ხდება, „სახელმწიფობანას“ და „ომობანას“ თამაშს შევადარებდი, ოღონდ ნამდვილი იარაღით. ბესელიამ დააბიჯა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას - სასამართლო სისტემას. როდესაც ივანიშვილი გვეუბნება, რომ სადღაც ვერტიკალში არსებობს პრობლემები და მე მის გასამაგრებლად მოვდივარ, ის თვლის, რომ ეს ვერტიკალი უკვე შექმნილია და კარგად მუშაობს, უბრალოდ რაღაცები იყო გასაფორმებელი. ივანიშვილს მიაჩნია, რომ თუკი რამე კარგი შვა - ეს იყო სწორედ სასამართლო, იმიტომ, რომ მან იქ საყრდენი ადამიანები იპოვა, რომელთა საშუალებითაც შემდეგ დანარჩენ სისტემას აკონტროლებს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა