სერგო მეთოფიშვილი - სამარცხვინოა, როდესაც ბესელიასნაირი პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის

უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი იმ განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების მხრიდან გაკეთდა უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.

სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა და პროგრესი სისტემაში ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, მისივე განცხადებით, ეკა ბესელია და სხვა პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლო სისტემას, რაც სამარცხვინო ფაქტია.

„როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ დავიცვა ზოგადად სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 2012 წლიდან პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან გათავისუფლებულმა არაკორუმპირებულმა, კომპეტენტურმა და მიუკერძოებელმა საქართველოს მართმსაჯულების სისტემამ, მიუხედავად ობიექტური პრობლემებისა (სულ ცოტა 100 მოსამართლის ნაკლებობა, საქმეთა გადატვირთულობა, სხდომათა დარბაზების ნაკლებობა და ა.შ.) 2013-18 წლებში საოცარი შედეგი დადო, რაზედაც ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც კი არ კამათობენ და რასაც ყველაზე აქტიურად და ობიექტურად უცხოელი პარტნიორები აფიქსირებენ და აღიარებენ, კერძოდ:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კვლევითი ცენტრია - “ჰერითიჯ ფაუნდეიშენ”, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანაში სასამართლოს ეფექტიანობას აფასებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასამართლოს პროცესის ხარისხი; დავის მოგების მოლოდინი.

ამ ცენტრის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში - პირველ ადგილზეა. ამავე კვლევის მიხედვით საქართველო უსწრებს ესპანეთს, იტალიას, რუმინეთს, მალტას, საბერძნეთს, ლატვიას, ჩეხეთს, სლოვენიას, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, სლოვაკიას და კვიპროსს!

გარდა ამისა, Doing Business 2019- ს კვლევის მიხედვით, 2018 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 190 ქვეყნიდან მე-6 ადგილზე დაწინაურდა (იყო მე-9 ადგილზე).

კვლევის მიხედვით ამ დაწინაურებაში სასამართლო როლიც არის, კერძოდ, ამ წინსვლას ხელი შეუწყო, რომ დანერგილი იქნა საქმეთა ელექტრონული განაწილება და შარშან და შარშანწინთან შედარებით გაიზარდა სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსი!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი და გასაკეთებელი, მე ვამაყობ საქართველოს მართლმსაჯულების ასეთი შეფასებებით!

ამ დროს რას აკეთებენ ბესელია, მისნაირი პოლიტიკოსები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია? პასუხი ვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში - პოპულისტური, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია! ყველანაირად ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოსდა მათ, 7 წლის თავზე, ამოძრავებთ სასამართლო სისტემის (წარმოიდგინეთ იმ სასამართლო სისტემის, რომელმაც ზემოთ მითითებულ საოცარ წარმატებებს მიაღწია) “გაჯანსაღების” მოტივი, არადა, სახეზეა ცუდად შეფუთული, რეალურად მეტად შემაშფოთებელი მცდელობა - დაიმორჩილონ სასამართლო!

სამარცხვინოა და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას.

ვეკითხები საზოგადოებას - რა არის ეს, თუ არა სამარცხვინო უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან?

ისმის კითხვა რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია - ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო!

სწორედ ამისთვის იბრძვიან ამჟამად, სწორედ ამიტომ შეეცდებიან შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები.

იმედია ხელისუფლების უმრავლესი ნაწილი არ ფიქრობს ასე და გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლოში, რაც დაეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიმართული იქნება სისტემის მეტი დამოუკიდებლობისკენ!“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს