მცხეთის ჯვრის მონასტერი სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება

მცხეთის ჯვრის მონასტერი სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა. როგორც გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, ის გუშინ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ტელეფონით და მიიღო დაპირება, რომ დღეს გაიხსნება მონასტერი. ამასთან, მერი მზადყოფნას გამოთქვამს ტერიტორიის უკეთ მოსაწყობად, გარემოვაჭრეებს ახალი, უკვე გამზადებული დახლები დაუდგას იმ შემთხვევაში, თუ ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე ჭინჭარაული მას ამის ნებართვას მისცემს.

„გუშინ ვესაუბრე საპატრიარქოს პრესსამსახურს, მათ მითხრეს, რომ დღეს გაიხსნება მონასტერი. რაც შეეხება გარემოვაჭრეთა საქმიანობას, მე დღესვე მზად ვარ მოვუწყო მოვაჭრეებს დახლები, თუ იქნება მონასტრის წინამძღვარის ნება“, - განაცხადა მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ.

მცხეთის ჯვრის მონასტერი მესამე დღეა დაკეტილია.

გუშინ საღამოს საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა