ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2019

ბოქლომი ჯვარზე - სამღვდელოებისა და გარემოვაჭრეების დაპირისპირების მოგვარება შეუძლებელი ხდება

"ოცნება“ ახალ მოსამართლეებს "სასამართლო სისტემის გარეთ“ მოძებნის

***

ბოქლომი ჯვარზე - სამღვდელოებისა და გარემოვაჭრეების დაპირისპირების მოგვარება შეუძლებელი ხდება

"ორი დღეა, მცხეთის ჯვრის მონასტრის შესასვლელი დაკეტილია და არავინ იცის, როდის გააღებს კარიბჭეზე დადებულ დიდ ბოქლომს ტაძრის წინამძღვარი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან სუვენირებითა და სხვა ნივთებით მოვაჭრე ადგილობრივები გაყარონ. ორი დღეა, ხელისუფლება ტაძრის წინამძღვარ კონსტანტინე ჯინჭარაულთან მოლაპარაკებას ცდილობს, რომ ბოქლომი გახსნას, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ. ხელისუფლებიდან არავის აქვს პასუხი, როდის გაიხსნება ტაძრის შესასვლელი. უფრო მეტიც, ადგილზე მისულ მცხეთის მერს წინამძღვარი არც შეხვდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბოქლომი ჯვარზე - სამღვდელოებისა და გარემოვაჭრეების დაპირისპირების მოგვარება შეუძლებელი ხდება

"განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს გაუგებრობაა, რომელიც მალე მოგვარდება და ვაჭრობის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა. მედიასთან კომენტარს აკეთებს მხოლოდ ტაძრის წარმომადგენელი ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომლის თქმითაც, წინამძღვარი თვლის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ განლაგებული დახლები იერსახეს ამახინჯებს და ასევე ამ ვაჭრობის გამო არის დიდი ანტისანიტარიაც.უკმაყოფილებას არ მალავენ ადგილობრივები, რომლებიც აცხადებენ, რომ მღვდელს ასეთი მნიშვნელოვანი ტაძრის დაკეტვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. გარემოვაჭრეების თქმით, დიდი ხანია, ტაძრის წინამძღვარს მათი აყრა სურს, მიზეზი კი ფულია - მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა თავად ეკლესიას სურს. ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ადგილზე მოსალაპარაკებლად მისული მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან ავტომობილების სადგომზე და არავის უშლიან ხელს. ამასთან, მისი თქმით, მას სასულიერო პირებთან ჰქონდა შეთავაზება, რომ თავად მიიტანდა კეთილმოწყობილ დახლებს, დახლები უკვე დამზადებულიცაა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო და აცნობეს, რომ თუკი გარემოვაჭრეების პრობლემა არ მოგვარდება, კარიბჭე არ გაიხსნება. "მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს, თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას", - ამბობს კაპანაძე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მისთვის მიუღებელია."აგერ ვარ, მოვიდეს მამა კონსტანტინე და გავაგებინოთ ხალხს, რატომაა დაკეტილი ტაძარი... მოვედი, რომ იქნებ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მონასტრის დაკეტვა ყველასთვის მიუღებელი იქნება. მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრიხავ მათ, ვინც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს და ახლა გარევაჭრობის გამო მონასტრის დაკეტვა არ არის კარგი აზრი". ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზების განსამარტად განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ. განცხადების თანახმად, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა."მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა", - წერია განცხადებაში, თუმცა მითითებული არ არის, როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას“, - განაგრძობს გამოცემა.

"ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით ტურისტებისა და მომლოცველებისათვის მონასტრის წინამძღვარ კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. მე-6 საუკუნის ძეგლის მთავარ შესასვლელს ორი დღეა, დიდი ბიქლომი ადევს და მის მოსანახულებლად ტურისტებს შემოვლითი გზით მისვლა და ღობეზე გადაძრომა უწევთ. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ იქ არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა და მონასტრის წინამძღვარი ამ პრობლემის დარეგულირებას ითხოვს, თუმცა როდის გაიხსნება ტაძარი, ამაზე პასუხი არ აქვს. რატომ არ თანხმდება ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მერიიდან დახლების დადგმას, ამ კითხვის პასუხად ჯაღმაიძე ამბობს, რომ "დეტალები არ იცის". "მე დეტალები არ ვიცი, მცხეთის მერის განცხადებისათვის არ მიმიდევნებია თვალი... იქ შეიძლება დაძაბულობის ნიადაგზე ათასი რამ ითქვა, მაგრამ დაველოდოთ ცოტა ხანს... ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ძირითადი პრობლემის არჩევა და გადაწყვეტა, რომ იქ გარემო ისეთი იყოს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ისეთი მნიშვნელობის კულტურული და საეკლესიო ნაგებობისათვის, როგორიც ჯვრის მონასტერია... "თუკი ეს ყველაფერი (გარევაჭრობა) ამახინჯებს იქ ყველაფერს, რა გავაკეთოთ?! ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაც ფორმა უნდა მიეცეს. თქვენ ხომ გესმით, რომ ჯვრის მონასტერი ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია, ამიტომ იქ შესაბამისად უნდა იყოს გარემო. "სასურველია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გახსნა. საპატრიარქო ცდილობს, რომ ორმხრივად მოხდეს შეთანხმებამდე მისვლა. ეს მონასტერი წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და როგორც მათ განცხადებაში წავიკითხეთ, დაკეტვა მოხდა იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიექციათ. "ძალიან სამწუხაროა, რომ დაკეტილია ტაძარი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ იქ გარშემო ასეთი მდგომარეობაა. წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი დახლები იყოს იქ და ტუალეტი არ იყოს მოწყობილი?! როგორც ამბობენ, იქაურობა ნავთლუღის ბაზარს დაემსგავსა. ასეთი პრობლემები დგას და ნუ შეეცდებით, ვიღაც ერთს გადააბრალოთ. ეს უნდა მოწესრიგდეს, რაღაც ფორმა უნდა მიეცეს ამას", - ამბობს ჯაღმაიძე“, - დასძენს გამოცემა.

"რამდენად მისაღებია ის, რომ მე-6 საუკუნის ტაძარი 2 დღეა, სასულიერო პირებმა დაკეტეს და აცხადებენ, რომ იქ ადამიანები საკუთარი ოჯახის სარჩენად არ უნდა ვაჭრობდნენ? "თქვენ სწორად არ გესმით, ეკლესია როგორ გამოდის გაჭირვებული ხალხის დამხმარე და გვერდით მდგომი. ეკლესიას თავისი ფუნქცია აქვს, ადამიანები უნდა მიიყვანოს ღმერთთან. რა თქმა უნდა, ეკლესიამ ხელი უნდა გაუმართოს ადამიანებს, მაგრამ რის ხარჯზე? იქნებ თქვენც ფიქრობთ, რომ მისაღები ლოზუნგები ჰქონდათ ბოლშევიკებს, როდესც ეკლესიების ნგრევასა და მათ საცხოვრებლად გადაკეთებას სწორედ ჰუმანური ლოზუნგებით ახერხებდნენ? "ზღვარი სადღაც უნდა გაივლოს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს იმის შესაფერისი გარემო, შესაფერისი მდგომარეობა და არ უნდა გადაიყვანოთ ისეთ ჭრილში, რომ ეკლესია არ ზრუნავს... "თქვენ თუ გახსოვთ, რა ხდებოდა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე? მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა და გარკვეული წესრიგი დაამყარა... ძალიან გულსატკენია, როდესაც რაღაც ერთი შემთხვევის განზოგადება ხდება, რაღაც რადიკალიზაცია და ეკლესიის დემონიზაცია ხდება. როდემდე შეიძლება ეს, რას მოგვიტანს ეს საბოლოო ჯამში?" - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნება“ ახალ მოსამართლეებს "სასამართლო სისტემის გარეთ“ მოძებნის

"ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები შესაძლოა სასამართლო სისტემის გარეთ მოძებნოს. თუმცა გუნდში ამ საკითხზე მზაობა რამდენად იქნება ჯერჯერობით, უცნობია. ამ ეტაპზე ამის შესახებ მხოლოდ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილი გამოთქვა მზაობა. მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით არ უნდა ვეძებოთ და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სასამართლო სისტემის გარეთაც მოვძებნოთ, რათა უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ“, - წერს "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ ახალ მოსამართლეებს "სასამართლო სისტემის გარეთ“ მოძებნის

"იურისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ჩუგოშვილის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მისი ინიციატივა რეალობაში რამდენად განხორციელდება რთული სათქმელია. მათი აზრით, სასამართლო სისტემა კლანური მართველობის შედეგად იმდენად ჩაკეტილია, რომ გარედან მოსამართლეების მიყვანა მხოლოდ ჩუგოშვილის სურვილით ვერ მოხდება და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. „კარგი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მაქსიმალურად ფართო ველზე დაიწყება. ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები, გვყავს ღირსეული ყოფილი მოსამართლეები, გვყავს ძალიან კარგი იურისტები მათ შორის აკადემიურ წრეებში. ჩემი აზრით, მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ უნდა ჩაიკეტოს და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სისტემის გარეთაც მოვძებნოთ და უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ჩიგოშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან დაინტერესებული მოსამართლეების შერჩევის პროცედურა როგორ წარიმართება. ვიცე-სპიკერი ელოდება, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან რამდენიმე ვერსია იქნება. „ველოდები, რომ სხვადასხვა დაინტერესებული პირებიდან შემოთავაზებული იქნება იდეები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმები და რა პროცესი უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ მოსამართლეთა კანდიდატები შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. წელიწადზე მეტია, რაც სამუშაო ჯგუფი არსებობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს თანამშრომლობა და ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ის იდეა და ვერსია შევაჯეროთ, რაც პარლამენტისთვის იქნება წარმოდგენილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩუგოშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა იანვრის ბოლომდე გაიმართება. ჩუგოშვილის ინიციატივას იურისტები "რეზონანსთან“ აფასებენ და ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი საკითხია. ამიტომ სასამართლოს წევრების შერჩევა ყველა წრეში უნდა მოხდეს, სადაც განსაკუთრებული ცოდნის და კვალიფიკაციის იურისტები საქმიანობენ. იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან“ ამბობს, რომ ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის და განსაკუთრებული ცოდნის იურისტები გვყავს. მისი აზრით, ჩუგოშვილის განცხადება ზუსტად დროულია, რადგანაც სინდისიერი და ავტორიტეტული იურისტების ძიება ყველა სფეროში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. მუხაშავრიას თქმით, ზოგიერთი დეპუტატის განცხადებების მიხედვით კარგად ჩანს, რომ მმართველ გუნდში ამ მოსამართლეების მიმართ დიდი უკმაყოფილებაა. თუმცა ამ კლანურ მმართველობას რამდენად დაამარცხებენ, ეს უკვე რთული სათქმელია“, - განაგრძობს გამოცემა.

"მუხაშავრიას თქმით, ეს სია პირადად ბიძინა ივანიშვილისაა და კარგად ჩანს, რომ გუნდში დეპუტატების უმრავლესობას ეს მოსამართლეები გულზე სულაც არ ეხატება. „ოცნების“ შიგნით მოსამართლეების თემა უბრალოდ საბაბია, რათა ერთმანეთის შიგნით დამარცხება და ძალთა გადანაწილება მოხდეს. ვხედავთ, რომ სამოქალაქო და მედიის აქტიურობა თავისას შვება და მმართველი გუნდის დეპუტატებიდან უკვე ვხედავთ მზაობას, რომ მოსამართლეების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრეებიდან მოხდეს, რადგანაც იქ არსებული კლანი უკვე სახელმწიფოებრივად დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ხელისუფლებას ყველამ უნდა ვუთხრათ, რომ არ ვართ თანახმა სასამართლო სისტემას მხოლოდ ერთი პირი აკონტროლებდეს. თუ უზენაეს სასამართლოს 10 მოსამართლეს ივანიშვილი თავისი შეხედულების მიხედვით დააკომპლექტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასამართლოს სრულიად გააკონტროლებს. ამისთვის აუცილებელია, რომ საუკეთესო იურისტები შეირჩნენ, რომლებიც პირვლ რიგში საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდნენ“, - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილი არ უნდა იყოს და საქართველოს სასამართლო სისტემის პრობლემა წლების განმავლობაში სწორედაც ეს არის. მშვენიერაძის თქმით, სწორედ ამ ჩაკეტილობის მიზეზია, რომ იუსტიციის საბჭო კლანური მმართველობის ხელში მოექცა და ისინი მათთვის უცხო ადამიანებს, როგორი პროფესინალიც არ უნდა იყოს, სასამართლო სისტემაში არ უშვებენ. „ჩვენს სასამართლო სისტემაში უკვე წლებია კლანური მმართველობაა. ჩუგოშვილის სურვილი რამდენად არის გუნდთან თანხვედრაში, არ ვიცი, მაგრამ ამ სისტემის გაჯანსაღებისთვის ყველა წრიდან კვალიფიციური იურისტების მობილიზება რომ უნდა მოხდეს, ფაქტია. სხვაგვარად სასამართლო სისტემას არაფერი ეშველება. ყველა ის მოსამართლე, რომელიც ამ კლანს არ ემორჩილებოდა და პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებდნენ, სასამართლოდან განდევნილია. ბუნებრივია, რომ სასამართლოს გაჯანსაღება თუ გვინდა, იქ გარედან უცხო და კარგი ავტორიტეტის მქონე მოსამართლეები უნდა შევიყვანოთ, მაგრამ რამდენად დათმობს იქ კლანი ამ მმართველობას, ძალიან რთული სათქმელია. ძნელი შესაფასებელია თავად „ოცნებაშიც“ ჩუგოშვილის მოსაზრებზე ერთიანი აზრი რამდენად იქნება. ვხედავთ, რომ მოსამართლეების შესარჩევ სამუშაო ჯგუფში ეს კლანი სრულად არის წარმოდგენილი. ასევე არიან წარმოდგენილი დომინირებული კანდიდატები - ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე. ამავდროულად 50 კაციან სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ერთი ადგილია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლისთვის გამოყოფილი. როდესაც საუბარი სასამართლოს გახსნილობას ეხება, მმართველი გუნდი ამას რელურად გაურბის. „უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კობახიძე იყო ის პირი, რომელიც ამ 10 კაციანი სიის პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებას ლობირებდა. ის ამ ადამიანებს ხვდება და მათთან ერთად ახალი სიის შედგენის კრიტერიუმებზე მსჯელობს. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი შედეგებს ვერ მოიტანს“, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო