თბილისის ვიცე-მერი -  ბექა ოდიშარიას პროექტზე მერიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ქალაქს არ დააზიანებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქისთვის საზიანო არ იქნება.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ფუნქციური ზონა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 2011 წელს შეეცვალა და მასზე მშენებლობა ახლა დაშვებულია, თუმცა, ოდიშარიას ჯერჯერობით სამშენებლო ნებართვა არ მიუღია.

"ბექა ოდიშარიას პროექტი შემოსულია განსახილველად, რაზეც მერიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. დღეს ამაზე განცხადებაც გააკეთა მერმა, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იქნება სწორი და არ დააზიანებს ქალაქს. მხედველობაში მიიღეთ ის გარემოება, რომ 2011 წელს ამ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა, ფუნქციური ზონა მერიამ შეუცვალა და გადაიყვანა საცხოვრებელ ზონაში. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტი დაეთანხმა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობას. ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა იმდროინდელმა თბილისის მთავრობამ და ამ პირობებში გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები. თუმცა, ვამბობთ, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სწორი და არ დააზიანებს ქალაქის ინტერესებს. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს გარკვეული უფლებები და მივიღებთ დაბალანსებული გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ რიგში ქალაქის ინტერესებისთვის იქნება და არ იქნება მისთვის საზიანო",- განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ ოდიშარიას აღნიშნულ საკითხზე მშენებლობის ნებართვა ჯერ მიღებული არ აქვს, აქ საუბარია მხოლოდ ფუნქციური ზონის ცვლილებაზე.

რაც შეეხება დეპუტატ დავით სონღულაშვილის საკითხს, ხმალაძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მოიკითხავს.

"სიმართლე გითხრათ, დღეს პირველად გავიგე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებლად ვიკითხავ რა თემაა. სამწუხაროდ, ნამდვილად არ ვიცი",- განაცხადა ხმალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს