ირაკლი კობახიძე - საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედაა გადაქცეული

„დღევანდელ ეპოქაში არსებობენ ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს თავისუფალ არჩევანს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ტერიტორიების პირდაპირი ოკუპაციით და ანექსიით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით ხდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და შექმნილი აქვს მარიონეტული ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა: ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება; მიზანმიმართულად, ქართული კვალის წაშლის მიზნით, დაანგრიეს ქართული სოფლები; იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს; გაბატონებულია დაუსჯელობა; ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ. ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ეს ორი რეგიონი ვერ ახერხებს სრულად გაიზიაროს დანარჩენი საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას, უკვე წლებია, რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული. ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული.

„ეს პოლიტიკა ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივას. მისასალმებელია, რომ რუსეთის შეუვალი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ხალხებს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში ფართოვდება, რაც საქართველოში რუსი ტურისტების სულ უფრო მზარდ რაოდენობაზეც აისახება. საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ გააუმჯობესა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული, რადგანაც რუსეთი კვლავ არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ენერგიულად ვაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა