ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ მცირე, მაგრამ ამბიციური ქვეყანა და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში

ჩვენ ვართ მცირე, მაგრამ ვართ ამბიციური ქვეყანა და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის როლს ამ რეგიონში. განვლილი გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის და მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ ვართ ამბიციური ქვეყანა და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„მაგალითისთვის, ნატო-ს მისიის ფარგლებში, ფრანგ და ქართველ ჯარისკაცებს აქვთ ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში; ქართველ ჯარისკაცებს დღემდე წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებაში როგორც ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონებში, ისე ევროპელ სამხედროებთან ერთად მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ავღანეთში საქართველოს ჰყავს ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტიგენტი. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებას, ყველაზე მეტი ჯარისკაცია საქართველოდან წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. ეს ძალისხმევა საქართველოს, სამწუხაროდ, ათეულობით გმირი მებრძოლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი თავგანწირვის წინაშე და საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის და სხვა თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ.

აგრეთვე, ხელს ვუწყობთ რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მჭიდრო კავშირები გვაქვს მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, უკრაინასა და მოლდოვასთან, ასევე ვაღრმავებთ ურთიერთობას უკრაინასა და მოლდოვასთან, ასევე, ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან. ჩვენი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობისა და საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს წვლილი შეაქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფაში. საქართველო ასევე მონაწილეობს რეგიონში მასშტაბური ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო