ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს ომბუდსმენის აპარატი რამდენიმე მიმართულებით სწავლობს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს აპარატი რამდენიმე მიმართულებით სწავლობს. კერძოდ, სამართლებრივად რამდენად სწორი და გამართული იყო სკოლის შემოწმებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იკვეთება თუ არა შემოწმების განხორციელების დროს რაიმე დარღვევა.

„ქალბატონ ია კერზაიას საქმეს ჩვენ ძალიან დეტალურად, რამდენიმე მიმართულებით ვსწავლობთ, ერთ-ერთი მიმართულებაა, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ქალბატონის მისამართით, ასევე, ვსწავლობთ, რამდენად იყო სამართლებრივად სწორი და გამართული შემოწმების დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე შემოწმების განხორციელების დროს კანონი დარღვეული ხომ არ იყო. ასევე, ვსწავლობთ, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები, რომ შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს გამოძიების მოთხოვნით მივმართოთ. სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ არაერთ უწყებიდან გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი, განათლების სამინისტროდან, დამატებით გარკვეულ ინფორმაციას ველოდებით და ალბათ, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად სრული სურათი გვექნება, შესაბამისი რეკომენდაციებიც გვექნება. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და საქმის კურსში ვაყენებთ ყველა იმ მოქმედებასთან დაკავშირებით, რასაც ამ საქმის გარშემო ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ეს საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრშია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, ია კერზაია განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა