იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის იმ საკანონმდებლო წინადადებას ეხმაურება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ეხება. შოთა ქადაგიძე არამოსამართლე წევრების მიერ შემუშავებულ პრიციპს აბსურდულს უწოდებს და არ ეთანხმება.

„ინტერპრესნიუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, შოთა ქადაგიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა კომენტარი გავაკეთო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ მიმდინარე წლის 15 იანვარს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ხუთი პრინციპიდან, მათი განმარტებით ყველაზე მთავარ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე უფრო აბსურდულ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტში წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად, ყველა წევრის თანხმობით. აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით, ჩემს მიერ მოძიებული და შესწავლილი იქნა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნების იუსტიციის უმაღლესი საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ. ევროპის საბჭოს წევრი არც ერთი ქვეყნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ყველა წევრის თანხმობით. დადგენილია გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით ან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რეგლამენტში ცვლილების შეტანა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა ორი მესამედით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოცემული დანაწესი შექმნის ძალიან რთულ ვითარებას იმ კუთხით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თუნდაც ერთ წევრს, პირადი, მიკერძოებული დამოკიდებულების გამო, შესაძლებლობა ექნება საბჭოს არ მისცეს საშუალება, კანდიდატის მაღალი კვალიფიკაციისა და კომპეტეტურობის მიუხედავად, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. ეჭვგარეშეა, რომ ამ შესაძლებლობას საბჭოს დასახელებული წევრები წარმატებით გამოიყენებენ, რითაც კვლავ შეეცდებიან საბჭოს მუშაობის შეფერხებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია დავეთანხმო ქალბატონების მიერ შემოთავაზებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პრინციპებს და მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესარჩევის კრიტერიუმების და წესის დადგენა უნდა მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი დასაბუთებისა და ევროპის საბჭოს ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“ , -აცხადებს ქადაგიძე.