ეკა გიგაური - ვცდილობთ, გავარკვიოთ, კონკრეტულად ვინ დგას ამ ბინძური ე.წ.ტროლების უკან და რა წარმომავლობისაა ეს ფული

ე.წ. ტროლების თემა ბოლო თვეების სიახლეა ჩვენთვის, არასამთავრობო სექტორის აქტიური წარმომადგენლებისთვის და ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაკვეთა ხელისუფლებისგან მოდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. იგი ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდზე გამოქვეყნებულ ფეიკმასალებს გამოეხმაურა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, პირველად ასეთი ორგანიზებული სახე სოციალური ქსელების გამოყენებით დისკრედიტაციის მცდელობის კამპანიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო და ზუსტად იმის პარალელურად დაიწყო, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს თავს დაესხნენ და „ფაშისტები“ უწოდეს.

„შემდეგ ეს ტალღა ცოტა ხნით გაჩერდა და ახლა უკვე მას შემდეგ განახლდა, რაც ძალიან მწვავე კრიტიკა დავუპირისპირეთ უზენაეს სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეთა კლანის შეღწევის და გაძლიერების მცდელობას. ანუ თავად ფაქტები და დინამიკაში დაკვირვება აჩვენებს, რომ თავდასხმის კამპანიები ტალღისებურად აქტიურდება მაშინ, როცა ჩვენი კრიტიკა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს და ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.

უბრალოდ სასაცილოა, ყოფილ პრეზიდენტთან ამ შარჟებში ჩვენი მიკავშირების მცდელობა, რომელსაც უფრო მკაცრადაც კი ვაკრიტიკებდით იმის გამო, რომ სასამართლო სისტემა ფაქტიურად გაუქმებული ჰქონდა საქართველოში. ეს კრიტიკა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მაშინდელ განცხადებებში და ანგარიშებში. ეს ხელისუფლება ზუსტად მაშინდელი გავლენიანი მოსამართლეების გაძლიერებით არის დაკავებული ბოლო წლებია და ამ სიმართლის მოსმენა ჩვენგან აღიზიანებს და საპასუხოდ დისკრედიტაციის ამ ბინძურ ფორმებს იყენებს, რომელიც ჩვენ ნამდვილად ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ისევ მათ მოუტანს ზიანს. უკვე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში აისახა ეს ფაქტები და არა ხელისუფლების სასარგებლოდ. პრობლემა ისაა, რომ ეს ქვეყნის რეპუტაციას და რეიტინგებს აყენებს ზიანს, რაც ჩვენ საერთოდ არ გვიხარია, პირიქით.

თუ მათი მიზანი ისაა, რომ ეს უნიჭო შარჟები ჩვენ შეგვაჩერებს, ცდებიან, რადგან უკვე კარგად დაინახეს, რომ ამან არც მანამდე, როცა „ძირგამომთხრელებს“ გვეძახდნენ, არც ამ წინასაარჩევნო პერიოდში არ იმუშავა და არც არასდროს იმუშავებს. ამიტომ, ჯობია, რომ რესურსები, რაც ამაზე იხარჯება, პრობლემების მოგვარებისკენ მიმართონ, სასამართლოს გაჯანსაღებას მოახმარონ, გაწმინდონ კლანისგან ეს სისტემა და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს მისცენ სიტუაციის გამოწორების შანსი.

ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ ამ კამპანიებში, რაც ყველაზე პრობლემურია, იხარჯება ფული, რადგან ეს უნიჭო შარჟები დასპონსორებულია სპეციალურად ჩვენს წინააღმდეგ შექმნილ ყალბ ფეისბუქ გვერდებზე. საარჩევნო პერიოდიდან დღემდე 20-მდე ასეთი გვერდი შექმნეს და მართავენ“, - აღნიშნა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, არასამთავრობო სექტორი ცდილობს დაადგინოს ვინ დგას ამ „შავი კამპანიის“ უკან.

„ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, მათ შორის ფეისბუქის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის გზითაც, თუ კონკრეტულად ვინ დგას ამ ბინძური კამპანიის უკან და რა წარმომავლობისაა ეს ფული. ამ თემას ნამდვილად ბოლომდე მივყვებით ისევე როგორც თანმიმდევრულების ვიქნებით სასამართლოში ნამდვილი რეფორმების გატარების მოთხოვნაში“, - აღნიშნა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო