ლაშა ხუციშვილი - პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა

„პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პრობლემური სესხების განულების პროექტის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, საიტზე vali.ge უკვე 609 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის მონაცემები ატვირთული, ხოლო ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს.

„პრობლემური სესხების უდიდესი ნაწილის გამოსყიდვა მოხდა ფონდ „ქართუს“ მიერ. ამისთვის, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ფონდი „ქართუს“ შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით ჩაერთო 14 საფინანსო ორგანიზაცია.

„1-ლი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პროექტში მონაწილეობის სურვილი 14-მა არასაბანკო დაწესებულებამ გამოთქვა. მათგან 12 საფინანსო დაწესებულების მონაცემები უკვე ასახულია ვებ-გვერდზე. ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება საიტზე. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის სესხი, რომლის რეალიზაციის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვეს საბანკო და არასაბანკო დაწესებულებებმა, იქნა გამოსყიდული და ჩამოწერილი მსესხებლებზე. ამით აღნიშნული პროექტი წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.