სულხან სალაძე - თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა იქნება, ღირსეულ კანდიდატებს არ აქვთ შანსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ

რაც არ უნდა კარგი კრიტერიუმები დავადგინოთ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის შემადგენლობა იქნება, რომელიც დღეს არის, ეს ნიშნავს, რომ ღირსეულ კანდიდატებს არ აქვთ შანსი გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტში განუცხადა.

როგორც სალაძემ აღნიშნა, უნდა შეიცვალოს საბჭოს შემადგენლობა და ამის შემდეგ შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევენ.

„არ ვფიქრობ, რომ ახლა კრიტერიუმები არის ერთადერთი და მთავარი საკითხი. ვფიქრობ, კრიტერიუმებზე მხოლოდ მას შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი, როდესაც ჩვენ ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია საბჭოს შემადგენლობის განახლება, აუცილებელია პარლამენტის მიერ ისეთი წესების დადგენა და მიღება, რომელიც პარლამენტის მხრიდან საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს შემოიტანს და განსაზღვრავს როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მონაწილეობის აუცილებლობას ამ პროცესში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ კრიტერიუმებზე. რაც არ უნდა კარგი კრიტერიუმები დავადგინოთ, თუ საბჭოს ის შემადგენლობა იქნება, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ღირსეულ კანდიდატებს არ აქვთ შანსი გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამიტომ მგონია, რომ დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მარტო კრიტერიუმებზე, არამედ გამოსავალზე. გამოსავალი არის საბჭოს შემადგენლობის განახლება და თავის მხრივ, პარლამენტმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და დაადგინოს წესი, რომელიც გამორიცხავს ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ უმაღლეს საბჭოში კანდიდატის დანიშვნას.

ნაკლებად მაინტერესებს რას ფიქრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ნათელია მათი დამოკიდებულება და ბატონი მეთოფიშვილი არის გამხმოვანებელი ამ ყველაფრის. ჩემი მთავარი კითხვები და წუხილი მიემართება საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის პასუხისმგებელი მთელ ამ პროცესზე, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გახდება მოსამართლე, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. პარლამენტს აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება, იყოს პრინციპული და საბოლოოდ ისეთ კანდიდატებზე მოხდეს შეჯერება, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები იქნება. თუ შევხედავთ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან, პარლამენტს ძალიან მარტივად შეუძლია კენჭისყრისას ჩააგდონ ეს კანდიდატები და ეს იქნება შეტყობინება მათ შორის საბჭოსთვის. ცხადია, დეპუტატები, რომლებსაც დღეს ვხვდებით არ არიან უმრავლესობის უმრავლესობა, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ ყველას, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტი მზად არის კრიტერიუმების შესამუშავებლად, მაგრამ არაფერი ვიცით, რას ფიქრობენ თავად წარდგენილ სიასთან დაკავშირებით",- განაცხადა სალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს