დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, თითოეულ პატიოსან მოსამართლეს საშუალება ჰქონდეს „კლანის" გარეშე დაწინაურდეს

ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გაიზარდოს პარლამენტში მთელი პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება ამ ქვეყანაში მათი ბედის გადამწყვეტი სასამართლო ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განცხადებით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ანა დოლიძესთან და ნაზი ჯანეზაშვილთან შეხვედრის დროს ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე, ამასთან, მისი თქმით, შეთანხმდნენ იმ პრინციპებზე, რომელიც აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის და ქვეყანაში ნორმალური სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის.

„ჩვენ ვიმსჯელეთ დამატებით წინადადებებზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს სასამართლოში დღეს მოქმედი არაფორმალური გავლენები, როგორ არ უნდა იყოს გამოყენებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ექსკლუზივი ე.წ. კლანის გავლენის გასაძლიერებლად და არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გაიზარდოს პარლამენტში მთელი პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება ამ ქვეყანაში მათი ბედის გადამწყვეტი სასამართლო ხელისუფლებაში. ამ კონკრეტულ წინადადებეზე ვიმსჯელეთ და პრაქტიკულად, შევჯერდით. ახლო მომავალში უკვე გვექნება უმცირესობის ღია სხდომა, სადაც ოფიციალურად შედგება შეხვედრა უმცირესობის წევრებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. მანამდე ჩვენ ვიმუშავებთ ამ პრინციპის კონკრეტულ წინადადებებად ჩამოყალიბებაზე და საზოგადოებას ამ სხდომაზე გავაცნობთ და პარლამენტში ოფიციალურად დავარეგისტრირებთ იმ ინციატივას, რომელიც ამ პრინციპებიდან გამომდინარე იქნება.

ჩვენი ამოცანა არის საერთო, ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, ვინ, რატომ და რა დამსახურების გამო ინიშნება სასამართლო სისტემაში და ამ სისტემაში მომუშავე თითოეულ, პატიოსან მოსამართლეს საშუალება ჰქონდეს „კლანის" გარეშე დაწინაურდეს", -განაცხადა ბაქრაძემ.