დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია. მეექვსე სართულზე აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპნენ მინდია ფირალიშვილის მეუღლე ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული.
რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ის ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი იმ საბედისწერო დღეს ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ kvirispalitra.ge წერს.
არსებული ინფორმაციით, ლევან დავლაძე მეგობრის ბინაში გასაღების ასაღებად აბრუნდა, რომელიც მასთან დარჩა. „ეტყობა ბინის კარი გააღო და ამ დროს მოხდა აფეთქებაც. წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი მეექვსე სართულიდან ძირს გადმოაგდო და შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, -აცხადებენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.
იხილეთ ვიდეო: დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია, მეოთხე კი კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა