იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას შეუძლებელია სისხლის დეფიციტი გამოეწვია

„იაშვილის კლინიკის“ სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას შეუძლებელია სისხლის დეფიციტი გამოეწვია. როგორც ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სისხლის გადასხმა მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა და ეს იყო მინიმალური ოდენობა.

„ერთ მძიმე პაციენტს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, დაიხარჯა სულ 440 მლ სისხლი. ეს არის მინიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება პაციენტთან იყოს გამოყენებული. წარმოუდგენელია ამას შეექმნა რაიმე პრობლემა არათუ ქალაქისთვის, არამედ ერთი სამედიცინო დაწესებულებისთვისაც კი. ეს არის სრულიად არასწორი და არარეალური“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „იაშვილის კლინიკაში“ გადაყვანილი პედიატრიული 6 პაციენტიდან 5-ს სისხლის გადასხმა არ დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კლინიკის მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა განუცხადა, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.