პოლიციაში ამ დრომდე არ ამბობენ, გამოიკვეთა თუ არა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ვინმეს ბრალეულობა. როგორც დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში ვაკე - საბურთალოს სამმართველოს უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ვაკე - საბურთალოს სამმართველოს უფროსმა ვაჟა სირაძემ.
დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ასევე, გამოკითხეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.