ირაკლი ხმალაძე - მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

ხმალაძის განმარტებით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოებას მერიის მხრიდან ექსპლუატაციაში მიღება არ ადგენს. ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ. მხედველობაში მაქვს გაზი და ელექტროენერგიაც. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, არ იყო სწორი. დიდი ტრაგედია მივიღეთ. ამას უმოკლეს დროში გარემოებების შესწავლა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდება.

„ღრმად მჯერა, რომ პასუხისმგებლობის, თვითშეგნებისა და გულისხმიერების კიდევ უფრო მაღალი დონე უნდა გამოავლინონ, როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლების მხრიდანაც საჭიროა ყურადღება, რადგან დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული გამათბობლები, რომლებიც რისკის მატარებელია. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ გამოძახებაც იყო. ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, თავს შევიკავებ. უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომელიც გუშინ ღამევე დაიწყო და დიდ იმედს ვიტოვებ, უმოკლეს დროში დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.