გორიდან კასპამდე მონაკვეთზე გუშინ, 25-მდე ავტომანქანა დაზიანდა, დაშავდა 6 ადამიანი

ამინდის მკვეთრად გაუარესებისა და მოყინული გზის გამო, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გორიდან კასპამდე მონაკვეთზე გუშინ, 25-მდე ავტომანქანა დაზიანდა, არიან მსუბუქად დაშავებულებიც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. 6 პირი კასპის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათი უმეტესობა კლინიკიდან უკვე გამოწერილია. მოძრაობა შეჩერებული არ იყო, შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, ავტობანზე მოძრაობა ნელი სვლით გრძელდებოდა. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებდნენ“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.