გია ვოლსკი - ოპოზიციისგან ნულოვანი ტოლერანტობის დაკავშირება შექმნილ ვითარებასთან, ემსახურება მიზანს, „გაათეთრონ“ ის პერიოდი, როდესაც სააკაშვილი და ბოკერია იყვნენ ხელისუფლებაში

ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობის დაკავშირება შექმნილ ვითარებასთან, ერთადერთ მიზანს ემსახურება - როგორმე გაამართლონ და გაათეთრონ ის პერიოდი, როდესაც სააკაშვილი და ბოკერია იყვნენ ხელისუფლებაში, თითქოს ეს არის გამოსავალი, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებას პარლამენტის ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, ნულოვანი ტოლერანტობის იდეა და პრაქტიკული გამოხატულება ამ იდეის ბოკერია-სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში იყო განუკითხაობა.

„მაქსიმალური სიმკაცრეა საჭირო, გამკაცრებაა საჭირო კანონების, თუმცა, როგორც კი კანონს გადაუხვევ დანაშაულთან ბრძოლაში, იმ წუთში გამოჩნდება უდანაშაულო მსხვერპლის დიდი რაოდენობა და იმ წუთში გამოჩნდება, რომ ის მეთოდი, რომელსაც მიმართავდა სააკაშვილი, არის არაადამიანური და არ არის კავშირში დანაშაულთან ბრძოლაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო, რათა სწორად მოხდეს პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის შეფასება.

„იმის განსასაზღვრად, ვინ არის კრიმინალი და ვინ არა, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო. პროკურატურას ყველა ქვეყანაში აქვს ამოცანა, თუ ის სწორად მუშაობს, სადაც ეჭვი აქვს დასაჯოს. ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.