ადვოკატი - გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მე-9 სართულამდე ვერ ადის,  მათ ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორის გრიგოლ ჭანტურიას და დიდ დიღომში დაზარალებული მოსახლეობის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი" არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ. გაჟღერდება ორი სასარჩელო მოთხოვნა - მატერიალური და მორალური კუთხით. სათითაოდ დავითვლით, რა მატერიალური ზიანი მიადგა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, აქ ალბათ, სადავო არაფერი იქნება. დაახლოებით 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ეს ტრაგედია. ძალიან ბევრ ადამიანს შეერყა ჯანმრთელობა. სტრესის გამო ბავშვებს ძილი აღარ აქვთ. "ყაზტრანსგაზის" განცხადებებში მხოლოდ სამძიმარზეა საუბარი. მე მათ მოვუწოდებ, დაიწყონ ჩვენთან დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დღის სინათლეზე გავა. დაზარალებულების პროტესტი გამოწვეული იმით, რომ კომპანია მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. მშენებელი კომპანია მშენებლობის პროცესში იძახებს "ყაზტრანსგაზს", რომელიც თავისი აღჭურვილობით მიდის და გაჰყავს ქსელი პროექტის მიხედვით - სად გავა მილი, სად იქნება მრიცხველი, შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა "ყაზტრანსგაზს" აქვს აღებული. როდესაც მათ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ დაეზარათ მეცხრე სართულზე ასვლა და შემოწმება. ეს წმინდა წყლის გულგრილობაა", - განაცხადა ადვოკატმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი VS "ყაზტრანსგაზი" - "არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა