„იცოდე მეტი გრიპის შესახებ", - ამ სახელწოდებით სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო აქცია გამართეს

„იცოდე მეტი გრიპის შესახებ", - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, მეტროსადგურ „რუსთაველთან" საინფორმაციო აქცია გამართეს.

ამ მიზნით, მათ საინფორმაციო სტენდი ჰქონდათ მოწყობილი და გამვლელებს გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ფლაერები და პირბადეები დაურიგეს. ასევე, წარმოდგენილი ჰქონდათ სადეზინფექციო ხელის დასაბანი ხსნარებიც.

ფლაერებზე დატანილი ინფორმაციით, სტუდენტები გრიპის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ახდენდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, პირბადეების გაკეთება მხოლოდ დახურულ სივრცეშია მიზანშეწონილი.

თსსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიხეილ დიაკონიძის განცხადებით, პრევენციული ღონისძიებები ძალიან დაეხმარება საზოგადოებას და გრიპთან დაკავშირებულ ვნებათაღელვასა და მიმართვიანობას შეამცირებს.

„გარდა სამედიცინო კადრების მომზადებისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სწორედ საზოგადოების განათლებაზე ზრუნვა. ამ მისიის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს ატარებს აქციას სახელწოდებით "იცოდე მეტი გრიპის შესახებ". აღნიშნული აქცია ემსახურება ბოლო პერიოდში სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ ვნებათაღელვას. ვცდილობთ, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან, როგორ ავიცილოთ აღნიშნული რისკები. ასევე, ხაზს ვუსვამთ, რომ საჭიროა დროული ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებებში, რადგან დაგვიანებული მიმართვიანობა ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს", - განაცხადა დიაკონიძემ.

მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის დათო მაწკეპლაძის თქმით, მოსახლეობაში არსებული პანიკა დიდწილად ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. მან მოუწოდა მოსახლეობას, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიმართონ ექიმს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა