ეკა ბესელიას ინფორმაციით, ირაკლი კობახიძისგან მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინება არ მიუღია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას ინფორმაციით, მას პარლამენტის თავმჯდომარისგან ირაკლი კობახიძისგან ამ დრომდე არ მიუღია შეტყობინება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ.

“მე მის სამდივნოს მივწერე და შევახსენე, ხომ არ გამორჩათ რაიმე. იმედი მაქვს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება არ გახდება საფუძველი, რომ ჩემს ამ ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით უხერხული გადაწყვეტილება მიიღონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სპეციალური ნებართვები და საშვები მე არ მჭირდება, მაგრამ არსებობს ეთიკისა და კორექტულობის ფარგლები, სადაც უნდა მოხდეს თანამშრომლობა. პარლამენტში ყველა დეპუტატს თანაბარი მანდატი აქვს და საჭიროა ყველა დეპუტატს მივცეთ შესაძლებლობა, ვისაც პროცესის მიმართ აქვს ინტერესი. პრობლემა სხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა არ არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები, მომავალ კვირაში გაიმართება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ელექტრონულ შეტყობინებაში, რომელიც დეპუტატებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და შეხვედრაზე სხვა მიწვეულ სტუმრებს გაეგზავნათ. როგორც ცნობილი გახდა, მსგავსი შინაარსის წერილი არ მიუღია ეკა ბესელიას.