შსს-მ  დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები. შს სამინისტროს განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "მცხოვრებლებს უთხრეს, რომ გაზის სუნი საღებავში ეშლებოდათ" - დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს