მამუკა ბახტაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე - ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას

საქართველო აგრძელებს თავისი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და სატრანზიტო ხელშეკრულებაში ჩადებული სარგებლის მიღებას და თუ რამე სიახლე იქნება, ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებაა, რომ გააცნოს ეს საზოგადოებას მედიის მეშვეობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „გაზპრომთან“ არსებულ სატრანზიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კომპანია „გაზპრომთან“ არსებულ სატრანზიტო ხელშეკრულებას, ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს სატრანზიტო ფუნქციიდან და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით. მოლაპარაკებები დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება ამის კონკრეტული თარიღი, დედლაინი და შეხვედრა დანიშნული. საქართველო აგრძელებს თავისი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და, შესაბამისად, იმ სარგებლის მიღებას, რომელიც ამ სატრანზიტო ხელშეკრულებაშია ჩადებული. რაც შეეხება შიშს და მოლოდინს, მე ყოველთვის შინაარსობრივ კომპონენტზე ვამახვილებ ყურადღებას, თუ გნებავთ, პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყო, საუბრობდა იმაზე, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. მე ვცდილობ, რომ ჩემი პასუხები იყოს შინაარსობრივი და ისეთი, როგორიც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას. როგორც მე ვიცი, ჯერ არ დაწყებულა ამაზე საუბარი, თუმცა თუ კონტრაქტში რამე სიახლე იქნება, ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებაა, რომ გააცნოს ეს საზოგადოებას მედიის მეშვეობით“, - განაცხადა ბახტაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ჩამოეწერა დავალიანება კომპანია „ყაზტრანსგაზს“, პრემიერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში იყო დავა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტს შეიძლება დაკისრებოდა 190 მილიონი დოლარის გადახდა ყაზახური კომპანიის სასარგებლოდ.

„წარმოიდგინეთ, რამხელა თანხაზე იყო საუბარი. ამ შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს კომენტარს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს