მამუკა ბახტაძე "თიბისი ბანკზე" - ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს

სამწუხაროდ, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერი ყველას მოუწოდებს დაელოდონ გამოძიებას, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით კომპანიები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „თიბისი“ უდრის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ბახტაძემ უპასუხა, რომ „თიბისის“, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ბანკის ერთობლიობა უდრის საქართველოს ფინანსური სექტორის მყარ ფინანსურ სტაბილურობას“.

„ასე განპიროვნებება სწორი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს, ვერ დავეთანხმები, რადგან მოწყვეტილია რეალობას. ჩვენთვის ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილი არიან ლონდონის ბირჟაზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, ვინაიდან ამან გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო კაპიტალზე, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა არის ძალიან მაღალი და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი, რომ ფინანსურ სტაბილურობას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას, არ შეესაბამება რეალობას. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ შეკითხვებს, დაველოდოთ პასუხებს, ყველა მივიღებთ პასუხებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიებას აწარმოებს.