მამუკა ბახტაძე - დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს

დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი, 7,5-კილომეტრიანი საბაგირო გზის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა.

„ყველას გილოცავთ კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნას. ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, მინდა გულწრფელად მივულოცო ტურისტებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო კობის, გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობას, ვინაიდან, ჩემი აზრით, სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის პოტენციალი, შესაძლებლობები და სასიცოცხლო მნიშვნელობა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ გუდაურის როგორც კურორტის ჩამოყალიბების 30 წლის იუბილე. ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა. ეს მართლაც ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში, სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში. გუდაური ახალ სეზონს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის რეალიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარება.

„თუ ვნახავთ შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტების წარმატებას, სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის საშუალებით შეძლეს მათ საუკეთესო შედეგების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მივუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. განსაკუთრებული მადლობა კომპანიას, რომელმაც აღნიშნული პროექტის რეალიზაცია შეძლო. მადლობა კომპანია „პომას“, რომელიც არის წამყვანი ევროპული ბრენდი. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ინჟინერს თუ ტექნიკოსს, რომლებმაც ასე მოკლე ვადებში ყველაზე რთულ რელიეფში და რთულ კლიმატურ პირობებში შეძლეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია. ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც კობი-გუდაურის საავტომობილო გზა იკეტება. დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგირო გზით. შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც. მე მწამს, რომ საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ახლად გახსნილი საბაგიროთი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან, რეგიონის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან და საბაგიროს მშენებლობაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა. 7.5 კმ სიგრძის კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაში 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება და მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია.

იხილეთ ვიდეო: კობი-გუდაურის საბაგირო პრემიერმა გახსნა - "დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს გზით ისარგებლოს"

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა