ირაკლი ხმალაძე - კატეგორიულად მიუღებელია ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა გავცეთ

საკმაოდ მძიმეა ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში, 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ სასტუმროს დამფუძნებელი არც მიწის მონაცვლეობაზე და არც სასტუმროს პარამეტრების შეცვლაზე თანხმობას არ აცხადებს.

„ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული - ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა, ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს. გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. გუშინ, მედიაშიც და სოციალურ ქსელშიც იყო საუბარი, რომ ნებართვას ვადა აქვს გასული და საერთოდ რაზე ვმსჯელობთ, ნებართვას ვადას გაუვიდა, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმდროინდელმა მერმა და რომელიც დღესაც ძალაშია. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს და აქვს უფლება მოითხოვოს 30 -მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. ეს არის ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა და ახლა ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 30- მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად. ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის თანხმობას არ აცხადებს არც მონაცვლეობაზე და არც პარამეტრების შემცირებაზე“,- განაცხადა ხმალაძემ.