განათლების მინისტრის მოადგილე - 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა

2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად განათლების რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 58 სკოლის სარეაბილიტაციო და ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა (MCC) დააფინანსა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, მათი განმარტებით, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე – 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს ექცევა. წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 80 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლითაც დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო