გიგი წერეთელი ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე - მე წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი კონფლიქტი აქვს „ძლიერ“ მეზობელთან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ვენაში გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნის 57 ელჩს და ეუთო-ს ინსტიტუტების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეუთო-ს რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასამბლეის პრეზიდენტმა, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების გაზრდის მიზნით, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. გიგი წერეთელმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების შედეგად დღემდე იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს.

„არ მინდა ჩემი გამოსვლა ძალიან პესიმისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი კონფლიქტი აქვს „ძლიერ“ მეზობელთან, რომელიც 10 წლის წინ შეიარაღებულ მოქმედებებში გადაიზარდა. ეუთოს ერთ-ერთ ამოცანას აღნიშნული კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს უსაფრთხო გარემო შეუქმნათ, სადაც ბოლომდე დაცული იქნება მათი უფლებები და თავისუფლებები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივან, ტომას გრემინგერთან და მედია თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, ჰარლემ დეზირთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე განხილვის მთავარ თემას ეუთო-ს მიერ დასახული პრიორიტეტების განხორციელების პროცესი და ამ კუთხით, კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები წარმოადგენდა. ვენაში 21-23 თებერვალს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და ასამბლეის საქმიანობაში ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის ჩართულობის საკითხები განიხილეს გიგი წერეთელის და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის, ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვოლფჰანგ სობოტკას შეხვედრისას.