ევროკავშირმა სკრიპალების საქმეზე ГРУ-ს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და უწყების ორ თანამშრომელს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სკრიპალების საქმეზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის ГРУ-ს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და უწყების ორ თანამშრომელს სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აღნიშნული სია მოიცავს ГРУ-ს ორ თანამდებობის პირს, ასევე უწყების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან 2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში ტოქსიკური ნერვულ-პარალიტიკური აგენტის შენახვა, ტრანსპორტირებასა და გამოყენებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა პირველად აამოქმედა შემზღუდავი ზომები ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი უარყოფითად აფასებს ევროკავშირის განზრახვას სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები დაუწესოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ევროკავშირი სკრიპალების საქმეზე რამდენიმე პირისთვის, მათ შორის სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილების ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „აღნიშნული პირები უსაფუძვლოდ არიან ეჭვმიტანილი“.

დიმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს ამ საქმეზე რუსული მხარისთვის მტკიცებულებები არ წარუდგენია.