ბენიამინ ნეთანიაჰუ - ნებისმიერს, ვინც განადგურებით გვემუქრება, პასუხს ვაგებინებთ

ისრაელი სირიაში ირანისა და სირიის იმ ძალების წინააღმდეგ მოქმედებს, ვინც ხელს უწყობს ირანის აგრესიას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ნებისმიერს, ვინც ზიანს გვაყენებს, ვინც განადგურებით გვემუქრება, პასუხს ვაგებინებთ. გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის სამიზნეებზე ძლიერი დარტყმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ირანმა ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით რაკეტა გამოუშვა. ჩვენ პასუხს გავცემთ აგრესიის ამგვარ აქტებს, რომლის მიზანია სირიაში ირანის სამხედრო კუთხით გაძლიერება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ირანს ისრაელის განადგურების განზრახვა აქვს გაცხადებული“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური იუწყება, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საწყობები, დაზვერვის ობიექტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეები.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, ოთხი სირიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ექვსი კი დაშავდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს