თამარ ალანია - ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზეზი გახლდათ ის არაჯანსაღი სიტუაცია და აჟიოტაჟი, რომელიც მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით შეიქმნა

ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზეზი გახლდათ ის არაჯანსაღი სიტუაცია, ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც ამ სიასთან დაკავშირებით შეიქმნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, მოსამართლე თამარ ალიანიამ განუცხადა.

მან ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ათკაციანი სიის განხილვის შეჩერებისთვის პარლამენტს განცხადებით მიმართეს. თამარ ალანიას თქმით, პროცესი, რომელიც ათკაციანი სიის პარლამენტისადმი წარდგენას მოჰყვა, სასამართლო სისტემას აზიანებს.

„პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენისას მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან რატომღაც არ ყოფილა. ახლა შეიქმნა აჟიოტაჟი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად საკონსტიტუციო ჩანაწერმა განაპირობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოც აბსოლუტურად ლეგიტიმურად მოქმედებდა, როცა ეს განახორციელა. უბრალოდ, ის პროცესი, რომელიც შემდგომში ამ ყველაფერს მოჰყვა, პირველ რიგში აზიანებს სასამართლოს. ჩვენ ვართ, მოქმედი მოსამართლეები და ძირითადად ვართ უვადოდ დანიშნულები. ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი და ღირებულია სასამართლოს ცხოვრების წესი და რიტმი, რომელიც არ უნდა შეფერხდეს. საზოგადოებას მართლმსაჯულება მშვიდ პროცესში უნდა მიეწოდოს, რაც ამ აჟიოტაჟის ფონზე ნამდვილად ვერ ხორციელდებოდა და აზიანებდა მართლმსაჯულების სისტემას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ მოქმედი მოსამართლეები, ვგრძნობთ და განვიცდით საზოგადოების რეაქციას, არ გვსურს დავაზიანოთ ის ადამიანები, რომლებიც მოდიან და გამოხატავენ ნდობას სასამართლოს მიმართ, რამდენადაც ისინი სასამართლოში სამართლიან გადაწყვეტილებებს პოულობენ. აი, ამის გამო, რადგანაც გახანგრძლივდა და გაჭიანურდა ეს პროცესი, საჭიროდ ჩავთვალეთ, მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და რაც საზოგადოებას ვაცნობეთ. მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვუერთდებით და ვიზიარებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე შესაძლოა დადგეს იგივე კრიტერიუმების გაწერასთან დაკავშირებით. ეს კრიტერიუმები იქნება საბჭოს დონეზე თუ საპარლამენტო დონეზე, გავიაროთ და, შესაბამისად, ამ პროცესის მიხედვით მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა თამარ ალანიამ..

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა განახლებულ სიაში საზოგადოებამ კვლავ იხილოს იგივე თამარ ალანიას სახელი და გვარი, მოსამართლე პასუხობს, რომ პროცესში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩაერთვება, რაც შემუშავდება.

„დაანონსებულია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომ უკვე არსებობს პარლამენტის მხრიდან მზაობა, კრიტერიუმებზე დაიწყოს მუშაობა. შესაბამისად, მასში ჩართული იქნება სასამართლო, ასევე ჩართულები იქნებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. იმედი მაქვს, მიღებული იქნება სწორი ხედვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ცხადია, იმ კრიტტერიუმების გათვალისწინებით, რაც იქნება, ამის მიხედვით მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა თამარ ალანიამ .

რაც შეეხება არასამათვარობო სექტორის და საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებებს, რომ სასამართლოს მართავს ე.წ კლანი, თამარ ალანიას თქმით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, ვინაიდან „საინტერესოა რას გულისხმობენ ე.წ. კლანში?!“.

„მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს არის ბრალდება. მართალია, ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ მოთმინებასაც ნამდვილად აქვს საზღვარი. უნდა იყოს დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში ეს არის არასერიოზული განცხადება“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.