გია ჟორჟოლიანი - აუცილებელია, რომ მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ იქნებიან გამწესებულნი, სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით

აუცილებელია, რომ მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ იქნებიან გამწესებულნი ამ უაღრესად მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და გააჩნდეთ ობიექტური და სამართლიანი მოსამართლეების სახელი საზოგადოებაში, - აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი აკეთებს.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კრიტერიუმებზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ უფრო ობიექტური და საზოგადოებისათვის მისაღები პროცედურა და შესაბამისი კანდიდატების შერჩევა.

“უკვე რამდენიმე კვირაა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ქართულ პოლიტიკაში არის იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სია. ჩვენი პარტია და მისი წარმომადგენლები პარლამენტში კრიტიკულად ვიყავით და ვართ განწყობილი როგორც კონკრეტულად ამ სიის, ისე იმ პროცედურის მიმართაც, რომლითაც სია იქნა წარდგენილი. ასეთივე განწყობა დაფიქსირდა უმრავლესობის მნიშვნელოვან ნაწილში და დღეისათვის ეს სია პარლამენტში არ განიხილება. ამ დროისათვის თავად კანდიდატებმა უკვე მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები. მიმდინარეობს მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ უფრო ობიექტური და საზოგადოებისათვის მისაღები პროცედურა და შესაბამისი კანდიდატების შერჩევა. ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ აუცილებელია, მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ იქნებიან გამწესებულნი ამ უაღრესად მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით, მაღალი საზოგადოებრივი ნდობითა და გააჩნდეთ ობიექტური და სამართლიანი მოსამართლეების სახელი საზოგადოებაში.

ამავე დროს, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მეტიც, პარადოქსული, ტრაგიკომიკური და ცინიკურია ის პოზიცია, რომელსაც აფიქსირებენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. დღეს ისინი აღშფოთებას გამოხატავენ იმ მოსამართლეების შესაძლო დანიშვნის გამო, რომელთა საშუალებითაც მართავდნენ სასამართლო სისტემას ხელისუფლებაში ყოფნის დროს. წლების წინ ამ მოსამართლეთა მიერ გამოტანილ უსამართლო და უკანონო განაჩენებზე, მათ შორის გირგვლიანის, რობაქიძის თუ სხვათა საქმეზე დღეს აღშფოთებულ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მაშინ არ დაუფიქსირებიათ უარყოფითი პოზიცია და ცხადია, არც დააფიქსირებდნენ, ვინაიდან თავად იყვნენ ამ გადაწყვეტილებების შემოქმედნი. სინამდვილეში, მათი პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დღეს მათ მიერ კრიტიკის ობიექტად ქცეული მოსამართლეებისა.

მოვუწოდებთ საზოგადოებას და განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ პროცესთან, რომ სრულად გავაცნობიეროთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი: დასახელებულ მოსამართლეთა პასუხისმგებლობა მხოლოდ ნაწილია იმ საერთო პასუხისმგებლობისა, რომელიც უნდა ეკისრებოდეს წარსულში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის მესვეურებს, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად უნდა გავრცელდეს ამ პოლიტიკოსებზეც”, - ნათქვამია გია ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს