ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეებმა, რომელთაც ქვეყნიდან სამართალი გააქრეს, სასამართლო სისტემა საერთოდ უნდა დატოვონ - რეალური გამარჯვება იქნება სწორედ ეს

მოსამართლეებმა, რომელთაც ქვეყნიდან სამართალი გააქრეს და ძალადობის მხარდამჭერები იყვნენ, სასამართლო სისტემა საერთოდ უნდა დატოვონ და სასამართლოს შენობებს ისინი არ უნდა გავაკაროთ - არ შეიძლება ეს ხალხი სასამართლოში მუშაობდეs, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით დაწყებული ბრძოლა სწორედ ამ შედეგით უნდა დასრულდეს. ელისაშვილის განცხადებით, არავითარი გამარჯვება არ არის ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე კვლავ რჩება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ და მუდმივად დანიშნულ მოსამართლედ.

“ზაზა სარალიძის დარდისა და ცრემლების შედეგად ჩვენ შევძელით და თანამდებობიდან მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადავაყენეთ. მაშინ ბოლომდე რომ “მივწოლოდით“, ბოლომდე ერთად დავმდგარიყავით და მოთხოვნა მთავარ პროკურორად ნორმალური, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირის გაყვანა ყოფილიყო, დღეს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით, მაგრამ ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი ყმა მივიღეთ. მოსამართლეების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის თვალებში ნაცრის შეყრა. ბრძოლა მისაყვანია ბოლომდე. ამ ხალხმა - ჩინჩალაძემ, მურუსიძემ, გვრიტიშვილმა, მეთოფიშვილმა და სხვა ადამიანებმა, რომელთაც ამ ქვეყნიდან სამართალი გააქრეს და იყვნენ ძალადობის მხარდამჭერები, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ! მათ საერთოდ უნდა დატოვონ სასამართლო და არ გავაკაროთ სასამართლოს შენობებს - ეს არის ახლა მთავარი და ყველაზე არსებითი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მოსამართლეები საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის მორჩილების ქვეშ არიან. “მიხეილ სააკაშვილი ფორმალურად პრეზიდენტი იყო და ყველა სტრუქტურა ინსტიტუციურად ჰყავდა დამორჩილებული. მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და არაფორმალურად აკონტროლებს როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს, სუს-ს და ყველაფერს, რაც ანგრევს ქვეყანას. ჩვენ მივიღეთ რეალობა, როცა თუ ადრე ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვრიტიშვილი და სხვები ზურაბ ადეიშვილის ყურმოჭრილი ყმები იყვნენ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ადეიშვილის ყურმოჭრილი ყმები თავზე დაასვა საქართველოს. ბიძინა ივანიშვილი უნდა ვაიძულოთ, რომ ეს ხალხი სასამართლოდან გამოვაყრევინოთ - რეალური გამარჯვება იქნება სწორედ ეს!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო