არჩილ თალაკვაძე - ეს არის ჯანსაღი რეაქცია და სახელმწიფოებრივი პოზიცია მოსამართლეების მხრიდან

ეს არის ჯანსაღი რეაქცია მოსამართლეების მხრიდან - ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცედურა სადავო გახდა, მოსამართლეებმა ჯანსაღი გადაწყვეტილება მიიღეს.

“რაც შეეხება პროცესს, ჩვენმა გუნდმა ორი პოლიტიკური და თანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო. პირველი არის ის, რომ საკითხზე განხილვას სათანადო დრო დაეთმოს და ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდეს. ასევე გაცხადდა, რომ მუშაობა დაიწყება რეგულაციებზე, რაც მოსამართლეების წარდგენის პროცედურას და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. ეს ორივე გადაწყვეტილება თანხმობაშია ერთმანეთთან და მთლიანად ითვალისწინებს იმ პოზიციას, რაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს აქვთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

იხილეთ ვიდეო