პროექტის, „მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად" ფარგლებში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული საომარი მოქმედებების შშმ ვეტერანის, თადარიგის პოლკოვნიკ, თეიმურაზ ელისაშვილის ორგანიზებით, დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პროექტის, "მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად" ფარგლებში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანთა სამსახურიდან აცნობეს, გამოფენა შეჭირვებული ვეტერანების დასახმარებლად იმართება და ნამუშევრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი მათ გადაეცემათ.

„დღეს, ამ შესანიშნავი პროექტის ფარგლებში მხატვრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. მივმართავ საზოგადოებას, მოვიდნენ და ერთად ამოვუდგეთ მხარში იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ", - აღნიშნა მხატვარმა რეზო ადამიამ.

გამოფენაზე წარდგენილია: ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ექსპოზიციაზე, ასევე, გამოფენილი იქნება XIX-XX სააუკუნეებში მოღვაწე მხატვრების ი.შტენბერგის, ს.ივანოვის, ა.ნოვიკოვის და კ.ნაკოვის ნამუშევრები.

მსურველებს გამოფენის დათვალიერება და წარმოდგენილი ექსპონატების შეძენა 31 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.